დედა სოსანა – მეუფე სტეფანეს განკარგულებით, მე და კიდევ ერთი მონაზონი წუხელ, წვიმიან ამინდში ქუჩაში დაგვტოვეს და ტაძრის კარი არ გაგვიღეს

დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა მონასტრიდან მისი და კიდევ ერთი მონაზვნის გარიცხვის თაობაზე მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

როგორც დედა სოსანამ  განაცხადა, მათი მონასტრიდან გარიცხვის გადაწყვეტილების გამო, ის და კიდევ ერთი მონაზონი წუხელ, წვიმიან ამინდში ქუჩაში დატოვეს და ტაძრის კარი არ გაუღეს.

“მე გუშინ დამატოვებინეს მონასტერი, მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლესა და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე მტკივა გული. ამის გამო გავხდი დევნილი. სიმართლისთვის დევნილი დატოვეს ქუჩაში და გაწირეს ფაქტიურად მოხუცებული და უძლური ადამიანი სიკვდილისთვის, თავსხმა წვიმაში. პოლიცია გამოიძახეს და მითხრეს, რომ პოლიციის ძალით უნდა დამეტოვებინა მონასტერი. მე პოლიციას ვთხოვე დახმარება, რომ გამომეტანა საკუთარი ნივთები. პოლიციამ მიშუამდგომლა, დარეკა რეზიდენციაში, სადაც უთხრეს, რომ მეუფე სტეფანეს ამ დროს სძინავს და ვერ შეეკითხებიან, ვერ გამოვითხოვთ კურთხევასო. მოგვაკითხა სხვა ტაძრის წინამძღვარმა ღამის ორ საათზე, მან შეასრულა ქრისტეს მცნება, მიგვიღო, გაგვათბო, დაგვაპურა. დღეს ვაპირებ მისვლას ეპარქიაში, კიდევ ერთხელ ვამხელ მას არასწორ და არაქრისტიანულ ქმედებებში, შემდეგ კი ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომელიც იქნება ღვთისთვის სათნო. თუ მე მან გამიშვა თავი ეპარქიაში ლასურიაში, რატომ არ უნდა გამეთენებინა ერთი ღამე მონასტერში, თუ ღამე ფეხით უნდა წავსულიყავი? აზრს მოკლებულია მისი განცხადებები. ამ ეპისკოპოსს ადამიანმა სული არ უნდა ანდოს და სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს ყველა ეპარქიას და თანამდებობას. სინანულისთვის თვითონ უნდა განამწესონ მონასტერში. სად არის ამ დროს საეპისკოპოსო, სად არის ზნეობის კომისია? უამრავი ადამიანი მირეკავს, მიცხადებენ სოლიდარობას. დამირეკეს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან”, – ამბობს დედა სოსანა.