დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: რამდენადაც მე მოვისმინე, დედა სოსანამ თავად გამოიძახა პოლიცია, რომ კომენდანტის საათის პირობებში, სხვა მონასტერში გადაეყვანათ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, გუშინ, მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან პოლიცია იმის გამო იყო მობილიზებული, რომ ეკიპაჟი თავად ყოფილმა წინამძღვარმა, მონაზონმა სოსანა ბოლქვაძემ გამოიძახა.

„პოლიცია ადგილზე მონასტრის დასაცავად არ ყოფილა. მონაზონი იმდენად საშიში იყო, რომ მონასტერი თავს ვერ იცავდა მისგან?.. რამდენადაც მე მოვისმინე, თავად დედა სოსანამ გამოიძახა პოლიცია, რომ კომენდანტის საათის პირობებში, სხვა მონასტერში გადაეყვანათ. მას განუსაზღვრეს გარკვეული მონასტერი, იმ მონასტრიდან გაათავისუფლეს. ეპარქიის მოქმედი მმართველი იღებს ყველა გადაწყვეტილებას. მას განუმარტეს, რომ სხვა მონასტერში უნდა გადასულიყო“ – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მარტვილის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, სოსანა ბოლქვაძე, რომელიც ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ წინამძღოლობიდან გადააყენა, ამბობს, რომ 1-ელ აპრილს, ღამის ორ საათამდე იდგა იმ მონასტრის კართან, სადაც 14 წელი მსახურობდა და საბოლოოდ, ღამე სხვა მონასტერში გაათია.