ბექა ოდიშარია – ოპოზიცია ეძებს ყველაფერს, რაც კი ჩამოშლის სახელმწიფოს და რევანშისტულ ძალებს მოიყვანს, სჯობს, სიზმრებიდან გამოვიდნენ, რადგან ეს არ მოხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიას შეფასებით, აშშ-სა და ევროკავშირს საქართველოს მიმართ აქვთ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც უნდა ჰქონდეს ნამდვილ მეგობარს.

თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიცია ბოროტად სარგებლობს კეთილგანწყობით და მუდმივად სპეკულაციურად ასაღებს მათ მიდგომებს.

„ამერიკას და ევროკავშირს საქართველოს მიმართ აქვთ დამოკიდებულება, როგორიც უნდა ჰქონდეს ნამდვილ მეგობარს. მათ ეს ქვეყანა ადარდებთ, მათ არ ადარდებთ ოპოზიციური პარტიები და ალბათ, არც სხვა, მაგრამ ოპოზიცია მათ ეპყრობა მომხმარებლურად, მათ შორის, ბოროტად სარგებლობს იმ კეთილგანწყობით და მუდმივად სპეკულაციურად ასაღებს მათ მიდგომებს, როდესაც ადამიანები გეუბნებიან, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის რაიმე საფუძველი არ არის, პოლიტპატიმრები არ არსებობენ და არ არსებობს საფუძველი, რომ ეს ქვეყანა ამოაყირავონ. ოპოზიციას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის სწორედ მომხმარებლური დამოკიდებულება ჰქონდა იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც საერთოეროვნულია და ადამიანებს გვაერთიანებსს. ეს ხალხი არ ეძებს იმ სუბსტანციებს, რაც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ხალხი ეძებს ყველაფერს, რაც კი ჩამოშლის ამ სახელმწიფოს და რევანშისტულ ძალებს მოიყვანს. ალბათ, სჯობს, გამოფხიზლდნენ და სიზმრებიდან გამოვიდნენ, რადგან ეს არ მოხდება. ოპოზიცია მიტინგს 15 მაისს აანონსებს. არ მინახავს გაბრაზებული ხალხი, რომელიც 2 თვის შემდეგ იკრიბება. არ არსებობს ამ ქვეყანაში ქვეყნის საწინააღმდეგოდ განწყობილი იმდენი ადამიანი, როგორც ამას ჩვენი ოპოზიციონერები მთელ ქვეყანას უსახავენ.

„ქართულმა ოცნებამ“ ხელი უნდა მოაწეროს იმ შეთანხმებების პაკეტს, რომელიც არის დაყრდნობილი რეალურ ბაზისზე, რომელშიც არანაირად არ არის მოთხოვნილი არც რიგგარეშე არჩევნები, არც პოლიტპატიმრები. საერთოდ, პოლიტპატიმრების ცნებაც არ არსებობს. დანარჩენი ყველაფერი მისაღებია. იქნება სასამართლო სისტემა, პროკურატურა თუ საარჩევნო რეფორმა, „ქართული ოცნება“ წინსწრებით, პროაქტიულად მოქმედებს და არა – რეაქტიულად. შესაბამისად, ყველაფერს თავისი რელევანტური დრო და სივრცე აქვს“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.