პირველად ისტორიაში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთს უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ მატჩში დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებისთვის მატჩი ცუდად დაიწყო. ფრანგების შეტევა ზვიად კუპატაძემ საჯარიმოს გარეთ შეაჩერა და გუნდი გადაარჩინა, მაგრამ, მე-3 წუთზე ფრანგებმა მაინც გაიტანეს. სწრაფი კონტრშეტევა ლანდრი ნგალამ დააგვირგვინა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მალე გაათანაბრა. თალესმა საჯარიმო ძლიერად და ზუსტად შეასრულა და ფრანგების მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ზუსტად 16 წამში შაგინიას მოწოდებული ბურთი კარში რონინიომ გაუშვა და საქართველო 2:1 დააწინაურა.

მეორე ტაიმი ფრანგებმა აქტიურად დაიწყეს და სამჯერ ზედიზედ ძელს მოარტყეს.   საქართველოს ნაკრების კონტრშეტევაზე მორიგი შანსი ფუმასას და ბრუნო პეტრის ჰქონდათ და ორივეჯერ მეკარემ კარგად ითამაშა. ფრანგებმა ბოლო წუთებზე შტურმი მოაწყვეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 3:2 მოიგო.

ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ნიდერლანდები უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს კი არსებობის ისტორიაში მსგავსი შანსი პირველად მიეცა.

დღევანდელი მატჩი სიმბოლურია იმითაც რომ  ეს ყველაფერი 9 აპრილს მოხდა, დღეს, როდესაც საქართველომ ტრაგედია გადაიტანა, შემდეგ კი დამოუკიდებლობა იზეიმა.