შალვა ნათელაშვილი – პოლიტიკური ვითარება უნდა დაიძაბოს, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად, რათა ახალი საქართველო იშვას და ქვეყანა გველეშაპს გაცილდეს

„ლეიბორისტული პარტია“ არის იმ ოპოზიციურ ფორმატში, რომელიც პროპაგანდას უწევს 15 მაისის აქციაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოსვლას, რაც იქნება ეროვნული რეფერენდუმი ხელისუფლების შეცვლაზე, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური ვითარება თუ არ დაიძაბა, ხელისუფლება არ შეიცვლება.

„პოლიტიკური ვითარება უნდა დაიძაბოს, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად, რათა ახალი საქართველო იშვას და ქვეყანა გველეშაპს გაცილდეს. პოლიტიკური ვითარება თუ არ დაიძაბა, ასე ღიღინ-ღიღინით იქნება ივანიშვილი და მისი ჯგუფი ხელისუფლებაში უსასრულო ვადით და ბოლოს, ბაგრატიონების შემდეგ ივანიშვილების დინასტია დაწესდება, მმართველებად მისი შთამომავლები მოვლენ“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, ნათელაშვილი მას რუსეთის საგარეო დაზვერვის სარეზერვო ვარიანტად განიხილავს.

„კაცი არავისი შეიძლება იყოს, კაცი თავისი თავის კაცი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში საუბარი არ გვაქვს კაცებზე და დამოუკიდებელ პოლიტიკოსებზე. რაც შეეხება ბატონ გახარიას, ეს არაა გახარიას დაბრუნება და მისი ინიციატივა, ამუშავდა კრემლის და ვლადიმერ პუტინის სათადარიგო ვარიანტი, რაღაც თუ შეიძლება დაემართოს ივანიშვილის პოლიტიკურ ხროვას, ჩაანაცვლონ სარეზერვო ვარიანტებით. ასეთი სარეზერვო ვარიანტები რუსეთს ჰყავდა ასლან აბაშიძეები, გიორგაძეები და ამ შემთხვევაში აამოქმედეს საგარეო დაზვერვის ოფიცერი, რომელიც მათი თანაშრომელია გახარიას სახით, რომელიც ივანიშვილის ბიზნესს მართავდა რუსეთის ფედერაციაში წლების განმავლობაში, ხოლო ამ საქმიანობას ის ვერ გასწევდა სპეცსამსახურთა მფარველობისა და კურატორობის გარეშე. საქართველო უცნაურობათა ქვეყანაა, ესაა ქვეყანა, სადაც შეიძლება შევარდნაძე ერის მოღალატედ გამოაცხადონ და მერე დაუჩოქონ, რომ ის ხელისუფლებაში დარჩეს. საქართველო ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია, შევარდნაძის წინაშე დაჩოქების შემდეგ ის დაამხოს და კერპად მიხეილ სააკაშვილი აირჩიოს. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, უგვირგვინო მეფედ გამოაცხადოს ისეთი სივერაგე საკაცობრიო მასშტაბისა, როგორიცაა ივანიშვილი. საქართველო არის ქვეყანა, სადაც თავისუფლად შეიძლება პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს რეგიონალური სეპარატისტი ასლან აბაშიძე. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველა ნაძირალა შეიძლება აირჩიონ პოლიტიკაში, აბა, რა გითხრათ, რა პროგნოზი გავაკეთო ამის შემდეგ. ივანიშვილი-გახარიას გუნდი იბრძვის იმისთვის, ვინ იქნება პირველი ცოლი პუტინის სამეფო კარზე. ჰარამჰანაში ყოველთვის იყო ჩხუბი, უფლისწულის დედა ვინ იქნებოდა. უფლისწულის დედობაზეა, მაგრამ ვპირდები, ისინი ვერ მოიმშობიარებენ უფლისწულს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.