ვარლამ გოლეთიანი მაჩალიკაშვილზე – აქ მოსვლა არავისთვის არის აკრძალული, გვინდა, ამ თემაზე სპეკულაციები დასრულდეს

აქ მოსვლა არავისთვის არის აკრძალული, გვინდა, ამ თემაზე სპეკულაციები დასრულდეს, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, მათი მისამართით ბინძური კამპანიაა აგორებული.

ამასთან, ვარლამ გოლეთიანი მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ იგი „რიონის ხეობის მცველებმა” აქციაზე არ მიუშვეს.

„ინტერნეტსივრცეში ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რიონის ხეობის მცველებმა ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციიდან გააძევეს, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ინფორმაციაა. ამ ყველაფერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ბატონ მალხაზსაც შევეხმიანეთ და მასაც ავუხსენით ეს ყველაფერი.

აქ მოსვლა არავისთვის აკრძალული არ არის და ჩვენ ყოველგვარ დაპირისპირებას ისედაც ვემიჯნებით. აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ ამ თემას არ მოჰყვეს შემდგომი გაგრძელება და გვინდა, რომ აღარ იყოს ამ თემაზე სპეკულაციები. მოგეხსენებათ, რთულ ფაზაში ვართ გადასული და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, დააპირისპიროს ჩვენთან სხვადასხვა პერსონა თუ ჯგუფი. ვხედავთ, რომ ათასგვარი ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.