ბადრი ჯაფარიძე – ამდენი თვის შრომამ, ბოიკოტმა შედეგი მოიტანა – ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ევროკავშირის თავდებობა

ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ევროკავშირის თავდებობა – ამდენი თვის შრომამ, ბოიკოტმა შედეგი მოიტანა, დიდი ნაბიჯი გადაიდგა, ამ დოკუმენტს მხარს ვუჭერ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით, საუბარია 43%-იანი ზღვრის დაწესებაზე მხოლოდ პროპორციული და არა მაჟორიტარული მაჩვენებლებით.

„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მივიღეთ, ბატონ შარლ მიშელისაგან. ეს საბოლოო დოკუმენტია, რომელიც მის მიერ მომზადდა. აქ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ვნახეთ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებასთან მიმართებაში და განვიხილეთ, შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი ძალიან სწრაფად ამოვწუროთ.

ამავდროულად შემოთავაზება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არაა, რაც ჩვენ გვსურდა თავიდანვე, მაგრამ ესაა ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, იმიტომ რომ საუბარია 43%-იანი ზღვრის დაწესებაზე მხოლოდ პროპორციული მაჩვენებლებით და არა მაჟორიტარული მაჩვენებლებით. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია! მე პირადად მხარს ვუჭერ ამ დოკუმენტს! ამდენი თვის შრომამ, ამ ბოიკოტმა შედეგი მოიტანა, მე მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ მოიტანოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ევროკავშირის თავდებობა“, – განაცხადა ჯაფარიძემ