გიგი უგულავა პრეზიდენტის განცხადებაზე: შეძრწუნებული ვარ – ყველაფერი, მათ შორის უარიც შეიძლება წარმომედგინა, მაგრამ ასეთი მდაბიო ვაჭრობა არის ყველას შეურაცხყოფა

სრულიად ძარღვისგან, ნამუსისგან დაცლილი ყველაზე უფრო მდაბიო განცხადებაა. ფურთხის ღირსია ადამიანი, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, ამ განცხადებით პრეზიდენტმა ხალხს და საკუთარ თავს შეურაცხყოფა მიაყენა.

„შეძრწუნებული ვარ. ყველაფერი შეიძლება წარმომედგინა. უარიც შეიძლება წარმომედგინა, მაგრამ ასეთი მდაბიო ვაჭრობა არის ხალხის, საკუთარი თავის და ყველას შეურაცხყოფა“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადა, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

„მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.