გიორგი ვაშაძე – ექვსთვიანი კრიზისი იქნება გაკვეთილი ყველა პოლიტიკოსისთვის, რომ ხალხის ნება უნდა იყოს მთავარი ქართულ პოლიტიკაში

გულწრფელად ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენი ცვლილება არცერთ ოპოზიციას არ მიუღწევია არცერთ სახელისუფლებო ძალასთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც დოკუმენტზე – “საქართველოს წინსვლის გზა” ხელმოწერას გამოეხმაურა.

ვაშაძის შეფასებით, გუშინდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული და ჰყავს მხოლოდ გამარჯვებულები ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს სახით.

„გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, შედგა შეთანხმება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დასავლელ პარტნიორებს და რომ არა მათი ასეთი აქტივობა, ეს შეთანხმება ვერ შედგებოდა. ამას ადასტურებს ბატონი შარლ მიშელის ვიზიტი, რომელიც იყო სიახლე და გუშინ გავიგეთ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის. ჩვენთვის ევროპული კარები ღიაა. გუშინ როდესაც შეთანხმებას მივაღწიეთ კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპას, ევროკავშირს და ნატო-ს. გუშინდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული და ჰყავს გამარჯვებული ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს სახით. მინდა ვთხოვო ყველა კოლეგას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, ნუ გავაკეთებთ არასწორ ინტერპრეტაციებს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენი ვალია სწორად და კარგად ავუხსნათ დოკუმენტის შინაარსი საზოგადოებას და არ დავამახინჯოთ არცერთი კონკრეტული კომპონენტი ამ დოკუმენტში.

გულწრფელად ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენი ცვლილება არცერთ ოპოზიციას არ მიუღწევია არცერთ სახელისუფლებო ძალასთან. როდესაც გავა წლები, ხალხი შეაფასებს არა იმას, ვინ მოაწერა, ან არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, არამედ ხალხი იტყვის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღმოაჩნდა კულტურა იმის, რომ წავიდეს შეთანხმებისკენ, რომ ამით სრულიად ახალი ეტაპი დაიწყონ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამ უზარმაზარი რეფორმის იმპლემენტაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ექვსთვიანი კრიზისი იქნება გაკვეთილი ყველა პოლიტიკოსისთვის, რომ ხალხი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში და ხალხის ნება უნდა იყოს მთავარი ქართულ პოლიტიკაში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.