ძალიან დიდი ნიჭია საჭირო, რომ სტრასბურგსა და ჰააგასთან ჩვენს ნამუშევარზე ისეთი ანტიპროპაგანდა იყოს გაშლილი, თითქოს რაღაცას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაღწია – გია ვოლსკი

ჩვენი სიმართლე დადასტურებულია,  საერთაშორისო სასამართლოს მიერ ოკუპაცია ოფიციალურად დადასტურებულია და ახლა ჰააგის სასამართლო, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამარცხვინოდ წააგო, თავის სიტყვას იტყვის, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჰააგის სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერი გამოიცა.

„ძალიან დიდი ნიჭია საჭირო იმისათვის, რომ სტრასბურგთან და ჰააგასთან ჩვენს ნამუშევარზე ისეთი ანტიპროპაგანდა იყოს გაშლილი, თითქოს აქ, პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც თავისი მედიასაშუალებებით გვიპირისპირდება, რაღაცას მიაღწია და ახლა, თურმე კიდევ უნდა გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური სანქციების რესურსი საქართველოს არ გააჩნია. საპირისპირო რესურსი რუსეთის ფედერაციას გააჩნია და საკმაოდ საფრთხისშემცველია, როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ მისი აგრესია კიდევ უფრო გაფართოვდეს. ყურადღება აქ არის საჭირო. ხელისუფლებამ პირველ რიგში სტაბილურობის შენარჩუნებაზე უნდა იფიქროს. მთელი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შეიკრიბა, ფიქრობს, რომ როგორღაც დაარღვიოს ეს სტაბილურობა და იქნებ, დამატებითი საფრთხეები შეექმნას საქართველოს. საქართველომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სხვა 38 ქვეყანასთან ერთად იმ საკითხებთან დაკავშირებით მიმართა, რაც დღეს უკრაინაში ხდება რუსეთის მხრიდან. 147-მა ქვეყანამ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია მიიღო, მათ შორის, ერთ-ერთი საქართველოა,როგორც ამ რეზოლუციის თანაავტორი. საერთოდ, როდემდე უნდა გაგრძელდეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მავნებლური მოღალატეობრივი საქმიანობა და როდემდე უნდა გაგრძელდეს მათი მცდელობები იმისთვის, რომ როგორღაც ძირი გამოუთხარონ საქართველოს. ვითომ არ მოსწონთ ხელისუფლების პოლიტიკა და სინამდვილეში მთელი პოლიტიკური სპექტრი,მთელი „ნაცმოძრაობა“ თავისი მედიასაშუალებებით გადასულია იმ სტრატეგიაზე, რასაც კარნახობს მიხეილ სააკაშვილი, რომ როგორმე უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაფუჭდეს და საქართველოს მიმართ იყოს ნეგატიური დამოკიდებულება“, -აცხადებს გია ვოლსკი.