საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია სენატში – სენატორებმა ჯონსონმა, შაჰინმა და რიშმა საქართველოზე რეზოლუცია სენატს გაუგზავნეს

რეზოლუციის პროექტში, რომელიც სენატორებმა ჯინ შაჰინმა, ჯიმ რიშმა და რონ ჯონსონმა მოამზადეს, მოწოდებაა “ქართული ოცნების,” “ნაციონალური მოძრაობის” და პარლამენტში არჩეული სხვა პარტიების მიმართ, შეასრულონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული შეთანხმება.

დაიკაონ საპარლამენტო ადგილები დეპუტატებმა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე. რეზოლუცია მოუწოდებს მთავრობას, დაიწყოს სისტემური რეფორმები, მათ შორის სასამართლოს რეფორმა, რათა უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომ ის პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის არ იყოს გამოყენებული.

“სენატი მოუწოდებს ქართულ ოცნებას, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს, სრულად განახორციელონ 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელის მიერ შეთავაზებული და 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისი.

მოუწოდებს პარლამენტის არჩეულ წევრებს, დაიკავონ პარლამენტში ადგილები დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის შედეგებზე, დასუსტებულ ეკონომიკასა და გამოწვევებით სავსე რეგიონულ დინამიკაზე.

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიწყოს სისტემური რეფორმები, შემუშავებული დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების გზით, რათა უზრუნველყოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა და ის არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის,” – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია პოზიცია, რომ ვაშინგტონი ეთანხმება ეუთო/ოდირის შეფასებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. რეზოლუციის პროექტში დადასტურებულია შეერთებული შტატების სენატის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ, ქართველების სწრაფვის მიმართ. დაგმობილია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რეზოლუციაში მოხვდა ფრაზა, ამერიკული დახმარების პირობითობის შესახებ.

“სენატი აღიარებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება გაუარესდა რუსეთის ფედერაციის მიერ ქაოსის დათესვის ძალისხმევის შედეგად, მათ შორის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციით და გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და პროცესების დაბრკოლება შეანელებს მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების პროგრესს და ეკონომიკის გაძლიერებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეერთებული შტატების დახმარებაზე პირობების დაწესება,” – აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციის ტექსტის გამოქვეყნების პარალელურად, სენატორებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, განცხადებებიც გაავრცელეს.

“უკვე ვთქვი, რომ ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს და ორივე მხარე იმსახურებს შექებას მათი ლიდერობისა და სითამამისთვის, ყველა ქართველის სასარგებლოდ, ამ შეთანხმებაზე რომ მუშაობდნენ,” – აცხადებს ჯეიმს რიში.

“უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ აუცილებელი საარჩევნო და სასამართლოს სისტემის რეფორმებისთვის, რაც უკეთ ფუნქციური დემოკრატიის შექმნას დაეხმარება,” – განმარტავს რონ ჯონსონი.

“ვამაყობ, შევუერთდე სენატორებს – ჯონსონს და რიშს და მოვუწოდებ სენატს, მხარი დაუჭიროს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, საქართველოს მიერ, კვირის დასაწყისში მიღებული შეთანხმების ბოლომდე შესრულებას. ვულოცავ საქართველოს ამ შეთანხმების მიღებას, თუმცა ახლა რთული სამუშაო იწყება,” – აცხადებს ჯინ შაჰინი.