„ნამახვანჰესის” მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია დამატებით ბარიერებს მოხსნის, აქციის მონაწილეებს კი კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს მთავრობა „ნამოხვანჰესის“ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობას აძლევს.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში.

„ასევე, „ნამახვანჰესის” მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.