ამირან გამყრელიძე – ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ, გთხოვთ, ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, რის გამოც ქვეყანამ მიიღო შესაბამისი შემძღუდავი ზომები, თუმცა აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას.

გამყრელიძის განმარტებით, არსებული შტამები ჯერჯერობით ემორჩილება დღეს არსებულ ვაქცინებს მეტ-ნაკლები ეფექტურობით.

„ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამიტომაც საქართველომ და მთელმა რიგმა ქვეყნებმა დააწესეს შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი, ინდოეთში ჯერ არ იციან, ეს შტამი პრევალირებს, თუ იგივე ბრიტანული შტამი, რომელიც ყველგან ცირკუილრებს დღეს, მათ შორის ჩვენთან დღეს თითქმის სულ ბრიტანული შტამია, ისევე როგორც ევროპაში და ყველა ეს შტამი ჯერჯერობით ემორჩილება იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს ადმინისტრირდება, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ეფექტურობით“, – განაცხადა გამყრელიძემ.