საქართველოს პროკურატურამ 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი გ.ა. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით,  2010-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი გ.ა. და ამავე დაწესებულების სხვა თანამშრომლები ჯგუფურად, დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომლის მხრიდან ხდებოდა პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანა და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსება, სადაც ჯგუფურად, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით, მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება ხდებოდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – ნათქვამია განცხადებაში.