ვრცლად: საქმიანობები, რომლებზეც 4-11 მაისს უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება

გამოქვეყნდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანება, რომლითაც იმ მეწარმე-სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალია განსაზღვრული, რომლებზეც 4-11 მაისს უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება.

ჩამონათვალი ასეთია:

1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;

2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ COVID-19-ის მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად;

3. ფარმაცევტული საქმიანობა;

4. 24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები;

5. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;

6. საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები;

7. სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა;

8. სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება;

9. საფოსტო და საკურიერო მომსახურება;

10. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები;

11. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები;

12. სამაშველო საქმიანობა;

13. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები;

14. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება);

15. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები;

16. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.