ალექსანდრე კობაიძე – ნიკა მელია მედროვე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა „გადააგდეს”

პარტია „პროგრესული საქართველოს” ლიდერი, ალექსანდრე კობაიძე  დღეს, ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლას ეხმაურება.

როგორც კობაიძე აცხადებს,  დღეს ქართულ პოლიტიკაში ანგარებითი პოლიტიკაა.

„ქვეყანაში შექმნილი დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა ცხადყოფს, რომ პოლიტიკაში პრინციპულობა და ეროვნულობა დაკარგულია. დღეს,  ქართულ პოლიტიკაში ანგარებითი პოლიტიკაა, ხოლო  ნიკა მელია მედროვე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა „გადააგდეს”.

რა ნამუსით შევიდნენ პარლამენტში, როცა მათივე თანამებრძოლი, მთავარი ფიგურა ოპოზიციური სპექტრიდან, ნიკა მელია ციხეშია და ესენი პარლამენტში?!

არადა, ყველა დღეს ვინც პარლამენტშია გაჰყვიროდა, რომ არ შევალ პარლამენტშიო და უცბად, რადიკალურად შეიცვალა ვითარება და  სხვა პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდით: ნიკა მელია ციხეში, ვინც იყო შემოქმედი ამ ოპოზიციის გაერთიანების და ერთკაციანი, გაყოფილი პარტიებიც კი პარლამენტში. ეს ნიშნავს რომ დღეს ქართულ რეალობაში არ არიან პრინციპული პოლიტიკოსები.

რაც შეეხება „ამინისტიის შესახებ კანონს”, იგი უნდა იყოს საყოველთაო და ყველამ უნდა შესძლოს ამ კანონით სარგებლობა. მელიას კი შეუძლია, საპატიმრო როგორც ამინისტიით, ისე თავდებით დატოვოს,” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ ციხიდან განცხადება გაავრცელა. მელიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, გაიწვიონ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს გადახდას დაეთანხმება.

შეგახსენებთ, დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მივიდნენ.  „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების”  დეპუტატებმა კუთვნილი ადგილები დაიკავეს.