ირაკლი კობახიძე – ვერ გამოეტია ნიკა მელია ციხის კარებიდან

გვესმის მუდმივად საუბარი, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის განმარტებით, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით გუშინ იყო განხილვა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. ამასთან მანვე დასძინა, რომ  პრინციპული სხვაობა არ არის ორ კანონპროექტს შორის.

„გვქონდა განხილვა ამ კანონის და პრინციპში არსებითად პოზიციები არის ერთგვაროვანი, იქ ჩანდა, რომ ოპოზიციონერების გარკვეულ ნაწილს თვითმიზანი ჰქონდათ, რომ არ მიღწეულიყო შეთანხმება ერთიან კანონპროექტთან დაკავშირებით, თორემ რეალურად არანაირი პრინციპული განსხვავება ორ კანონპროექტს შორის არ არის. ერთიც და მეორეც ითვალისწინებს რეალურად ყველა იმ საქმის ამნისტირებას, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისის პოლიტიკურ მოვლენებთან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორივე კანონპროექტში უზრუნველყოფილია ის, რომ ამნისტია არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების დანაშაული ჩაიდინეს.

თუ მიზანი არის, რომ იყოს ორი კანონპროექტი, ეს მათი არჩევანია, თუმცა რეალურად შეიძლებოდა ერთი კანონპროექტის ინიცირება. ჩვენ უკვე დავაინიცირეთ ეს კანონპროექტი. გვესმის მუდმივად საუბარი, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან. რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას, ორივესთან დაკავშირებით ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მელიას შეუძლია მიიღოს ამნისტიის კანონი ან არ მიიღოს. ეს შესაძლებლობაც არის ასახული ამნისტიის კანონში,” – განაცახად კობახიძემ.