ირაკლი ღარიბაშვილი სამხედროებს: 30 წელია, საქმით ამტკიცებთ, რომ ქართველებს სამშობლოს დაცვა სისხლში გვაქვს გამჯდარი

განვლილი 30 წლის განმავლობაში, ოკუპაციისა და გამოწვევების მიუხედავად, მიღებული გამოცდილებით, შრომითა და თავდადებით, წვრთნებით და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობით თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა როგორც თანამედროვე, მოტივირებული, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი ძალა. ის ქვეყანაში დღეს ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ნდობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტია, – ამის შესახებ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ყველა სამხედროს, რომელიც ღირსეულად, უმაღლესი პროფესიონალიზმითა და თავდადებით ემსახურებით ჩვენს სამშობლოს და მზად ხართ, დაიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. მინდა მივულოცო ჩვენს საამაყო ვეტერანებს, რომლებიც ამაყად და შეუდრეკლად იცავდით ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ქართული ჯარი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლო. მინდა პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობისთვის დაცემულ ჩვენს გმირებს, სასახელო მებრძოლებს, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოსთვის. მათ ყველას აჩვენეს ქართველი კაცის მებრძოლი სული და სამშობლოსთვის თავდადება. ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე. ვულოცავ და მადლიერებას გამოვხატავ ჩვენი დაჭრილი, დაშავებული მებრძოლებისადმი, რომლებიც თავიანთი გაუტეხელი და დაუმარცხებელი სულისკვეთებით სიამაყით გვავსებენ. დღევანდელი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის პატრიოტიზმს და მუდმივ მზაობას, დაიცვას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ხალხის თავისუფლება, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი ღირსეული წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცებაში. 30 წელია, ჩვენი სამხედროები საქმითა და თავდადების პირადი მაგალითებით ამტკიცებთ, რომ ქართველებს სამშობლოს დაცვა სისხლში გვაქვს გამჯდარი. განვლილი 30 წლის განმავლობაში, ოკუპაციისა და გამოწვევების მიუხედავად, მიღებული გამოცდილებით, შრომითა და თავდადებით, წვრთნებით და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობით თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა როგორც თანამედროვე, მოტივირებული, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი ძალა. ის ქვეყანაში დღეს ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ნდობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტია. ჩემთვის დიდი პატივი იყო და მეამაყება, რომ ამ პროცესში მინისტრის რანგში ქმედითი ნაბიჯები გადავდგით თავდაცვის ძალების გაძლიერების, აღმშენებლობისა და განვითარების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის რანგში კი გპირდებით, რომ გაგრძელდება და გაძლიერდება ჩვენი ძალისხმევა თავდაცვის ძალების განმტკიცების, თანამედროვე ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების დანერგვის, შეიარაღების მოდერნიზების და სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად. ცხადია, თავდაცვის ძალების წარმატებული განვითარება წარმოუდგენელია მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს. დღეს საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა და არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. ეს პარტნიორობა ეფუძნება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, თავდაცვის ძალების ინსტიტუციური აღმშენებლობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას. მინდა მივესალმო ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ესწრება თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს და მადლობა გადავუხადო მას მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენი ჯარის როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და თქვენი ღირსეული მონაწილეობა ნატოს მისიაში ავღანეთში, რომელიც სექტემბერში სრულდება. ამ მისიაში ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართული მხედრული სული და საქართველოს საქვეყნოდ, მთელ მსოფლიოში დაუმკვიდრეს სანდო და საიმედო პარტნიორის სახელი. ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას და მომავალშიც, არსებულ ფორმატებში განვაგრძობთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას გიხდით სამშობლოს მსახურებისთვის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.