ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს და  ინფორმაციას ავრცელებს. შესაბამისი განცხადება საელჩოს Facebook-ზე

“დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმია ავრცელებს.

საპასუხოდ ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაიწყეს.

დღეს იერუსალიმში პალესტინელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. ისრაელის პოლიციას ტაძრის მთის ტერიტორიაზე შესვლა და სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი უმკაცრესად უპასუხებს ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.