„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევვარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია”

-“ჩვენ ისეთ კონსტიტუციას მივიღებთ, რომელიც ნებისმიერი პარტიის ძალაუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გამორიცხავს ხელისუფლების უზურპაციას” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „იმედის“ ეთერში.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მომავალი საკონსტიტუციო კომისია, რომელიც შექმნის ინიციატივითაც თავად გამოვიდა, იქნება ძალიან აქტიური.

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევვარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია, ეს არ არის ჩვენი მთავარი მიზანი. ეს არის დაახლოებით ერთწლიანი პროცესი განხილვების, მათ შორის პარლამენტში არსებობს პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ეს არ მოხდეს ჩქარ და ამას დაახლოებით დასჭირდება ერთ წელი. ჩემი გათვლებით ეს ასე იქნება. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები მანამდე გადასაწყვეტი და ეს არის ჩვენი ეკონომიკური განვითარება. ეს არის სასამართლო რეფორმის მეორე ტალღა, რომელიც აუცილებლად გასაგრძელებელია და ვფიქრობ, რომ ამას თან უნდა გასდევდეს ფართო ფორმატში განხილვა საკონსტიტუციო ცვლილებების, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას დასჭირდება დაახლოებით ერთი წელი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის უზურპაციის იდეით შეპყრობილი.

„პირიქით ჩვენ მაქსიმალურად გადავანაწილეთ ძალაუფლება პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აქტუალური არ არის დღეს“, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს ძალაუფლებათა შორის ბალანსი და განაწილებული უნდა იყოს ინსტიტუტებს შორის უფლებამოვალეობები.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებამ  მაქსიმალურად უნდა უნდა მოისმინოს მოსახლეობის აზრი.

„ყველაფერი ხომ იმიტომ კეთდება, რომ ქვეყნის მოსახლეობის აზრის მოსმენა იყოს შესაძლებელი ხელისუფლების მიერ და იყოს ძალაუფლებები დაბალანსებული. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მიისწრაფვის ხელისუფლების უზურპაციისკენ.  ჩვენ ეს დავადასტურეთ და მინდა ამ კუთხით ყველანაირი შიში მოვხსნა. ჩვენ ვართ განწყობილი, რათა ქვეყანაში დამკვიდრდეს ევროპული  ტიპის დემოკრატია, ევროპული ტიპის ინსტიტუციები და ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს ის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, რომელიც ჩვენთვის არის ძვირფასი და რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილის გამოხატულება.ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალაუფლების ცვლილება, მოახდენს, თუ არა ძალაუფლების კონცენტრაციას არ არის აქტუალური. ჩვენ ისეთ კონსტიტუციას მივიღებთ, რომელიც ნებისმიერი პარტიის ძალაუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გამორიცხავს ხელისუფლების უზურპაციას“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება