45 წლის ზემოთ მყოფ ადამიანებს ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა შეეძლებათ

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი და იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული საბჭოს ტექნიკური ჯუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს 45 წლის ზემოთ შეეძლებათ ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა.

,,საბჭოს მიერ მიღებული პირველი გადაწყვეტილება ეხებოდა ,,ასტრაზენეკას“. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე შეზღუდული იყო ამ ვაქცინის გამოყენება. ამ დრომდე იცრებოდნენ 55+ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები.  რამდენიმე ევროპული ქვეყნის ცვლილებების, იმ მონაცემების გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან ვიღებთ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ასაკობრივი ცენზის 10 წლით ცვლილებასთან დაკავშირებით, ანუ ადამიანებს 45 წლის ზემოთ შეეძლებათ ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით ეს გადაწყვეტილება ძალიან მნშიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან მოსახლეობის ეს ასაკობრივი კატეგორია აქამდე მოკლებული იყო არჩევანს.

,,ჩვენ მათ ვთავაზობდით მხოლოდ და მხოლოდ სინოფარმს. ახლა ექნებათ საშუალება გაიკეთონ ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინა“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.