ანრი ოხანაშვილი გიორგი გახარიაზე – მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის – მისი გუნდი არანაირი „ქართული ოცნება 2“ არ არის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მისი გუნდის ყოფილი პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ნებისყოფას უწუნებს და აცხადებს, რომ „მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის“. ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კითხვაზე, გიორგი გახარიას არ ეყო მტკიცე ნებისყოფა? ოხანაშვილის თქმით, „რა თქმა უნდა, ეს ფაქტია“.

„იმის იქეთ კიდევ რა იყო სხვა განხილვის საგანია. ფაქტია ის, რომ როდესაც X დესტრუქციული რადიკალური მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას და გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, ვინ არის ნიკანორ მელია, რას წარმოადგენს, რომ ის უფრო მაღლა დადგეს, ვიდრე ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო?! აქ როდესაც ადამიანი მერყეობს, ვფიქრობ, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. საზოგადოება განსჯის. თუ ის პოლიტიკაში შემოვა, მოგვეცემა ალბათ, საშუალება, დებატებში დავსხდეთ როგორც მის თანაგუნდელებთან, ასევე მასთან და საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვინ იყო მტკიცე, ვინ იყო პრინციპების ერთგული, ვინ დაიცვა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ვინ დაიცვა და უზრუნველყო ის, რომ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო განცდა – ვცხოვრობთ იქ, სადაც კანონს არავინ პატივს არ სცემს, ამ კითხვებზე ყველას მოუწევს პასუხები.

ერთი გუნდის სახელით როდესაც შემოხვალ პარლამენტში და შემდეგ ავლენ კეკლუცობას აქ არის ჩამკეტი, რაც არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით შეხვიდე, შემდეგ მოინდომო გაცლა და ცალკე დაიწყო პოზიციონირება. ამის უფლება აქვთ, მაგრამ არა ფრაქციის სახელით. ჩვენ არ ვაპირებთ ცალ კარში ბრალდების წაყენებას. თუ ისინი პოლიტიკაში იქნებიან, მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა – არიან ისინი „ქართული ოცნება“ გეგმა „ბ“, თუ ვის თამაშს თამაშობენ. თუ არიან ისინი დამოუკიდებლები რამდენად არიან. არანაირი „ქართული ოცნება 2“ ეს არ არის და ეს გამოჩნდება კონკრეტულ ნაბიჯებში – ვინ იქნებიან მათი თანამოაზრეები, რა კურსს გაატარებენ, ვინ იქნებიან მათი შემომწირველები და ა.შ. დაველოდოთ, საინტერესო პროცესები შეიძლება ვიხილოთ და იქ მოუწევთ პასუხების გაცემა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.