ვარლამ გოლეთიანი: დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შეხვედრა შემოგვთავაზა – ჩვენს თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, პასუხისმგებლობაც იქნება კრებითი და კოლექტიური

„დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შეხვედრა შემოგვთავაზა. არ ვიცით, ამ გამოსვლების შემდეგ, მას ჩვენთვის რა აქვს სათქმელი, მაგრამ, მინდა, რომ ეს საკითხვები ერთად გავიაროთ მათ, ვინც აქ ვართ და ერთად გადავწყვიტოთ“, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ჩვენ ჩვენს თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, ეს კრებითი გადაწყვეტილების საკითხია, ყველა ერთად უნდა ვიყოთ ჩაბმულნი ამ პროცესში. არც ჩვენ და არც ის ადამიანები, ვინც აქ ვლაპარაკობთ, არ ვართ პოლიტიკური ფიგურები, რომ რაღაც პასუხისმგებლობები ავიღოთ ამა თუ იმ მოქმედებაზე. ჩვენ, ქართველი ხალხი თანაბრად ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ პროტესტსა და ბრძოლაზე. ეს ყველამ მკაფიოდ გაითავისოს და ნუ იქნება მცდელობები, რომ კონკრეტულ პერსონებზე მოხდეს იდენტიფიცირება, რომ ჩვენ ვართ ამ პროცესის წარმმართველები. ჩვენ უბრალოდ, ვართ იმ დარღვევების, იმ გადაცდომების გამხმოვანებლები, რომელსაც ვხედავთ სახელისუფლებო ძალების მხრიდან. გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი. პასუხისმგებლობაც იქნება კრებითი და კოლექტიური. ჩვენ მათ ასეთი რამ ვუთხარით: ჩვენ შეგვიძლია, დავიძრათ პარლამენტისკენ, შემოვუაროთ პარლამენტს უკანა მხრიდან, სადაც, თუ ბატონ თავმჯდომარეს ჩვენთან კომუნიკაციის სურვილი ექნება, გამობრძანდეს, პოლიციასთან ერთად, ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდობიან შეხვედრას, რომ არ იყოს არც შეძახილი – ეს ჩვენ არაფერში გვჭირდება, მშვიდობიანად დავდგეთ ყველა და მოვისმინოთ, რა აქვთ მათ სათქმელი – ეს იყო ერთი შეთავაზება. რის თქმა უნდათ, არ ვიცით, არ უთქვამთ, უბრალოდ, მზაობა და სურვილი გამოხატეს, რომ შეხვედრა უნდათ. თუ ისინი არ გამოვლენ გარეთ, თუ ხართ თანახმა, რომ პარლამენტში შევიდეთ რამდენიმე ადამიანი მედიასთან ერთად, ჩართული ლაივით, დანარჩენი საზოგადოება გარეთ იდგეს და ეს პოზიცია მოისმინოს. კონკრეტულად, ჩვენ ვამბობთ, რომ მათთან არანაირ დიალოგში არ შევდივართ. უბრალოდ, რადგან მათი მხრიდან სურვილი გამოითქვა, რომ რაღაც აქვთ სათქმელი, ხომ არ მივიდეთ და მოვისმინოთ, რა სათქმელი აქვთ მათ?.. მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, პიკეტირება აუცილებლად იქნება“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანი.