ამირან გამყრელიძე: ივნისის შუა რიცხვებში ქვეყანა 43 ათას დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მიიღებს, ივნისის ბოლოს კი ნახევარ მილიონ დოზა „სინოფარმს“

ველოდებით, რომ ივნისის შუა რიცხვებში „კოვაქსის“ საშუალებით მივიღებთ „ასტრაზენეკას“ შემდგომ პარტიას. ეს იქნება 43 ათასი დოზა. იცით, რომ მიღწეულია შეთანხმება ჩინურ მხარესთან ნახევარ მილიონ დოზა „სინოფარმის“ მიღებასთან დაკავშირებით და წინასწარ თარიღებად განსაზღვრულია ივნისის მეორე ნახევარი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განცხადა.

მან ქვეყანაში ვაქცინების შემოტანის პროცესზე ისაუბრა.

მისი თქმით, „კოვაქსის“ პლატფორმიდან მესამე და მეოთხე კვარტალში ქვეყანა ასევე 1 400 000-მდე დოზა ვაქცინას მიიღებს.

„ველოდებით, რომ ივნისის შუა რიცხვებში „კოვაქსის“ საშუალებით მივიღებთ „ასტრაზენეკას“ შემდგომ პარტიას. ეს იქნება 43 ათასი დოზა. იცით, რომ მიღწეულია შეთანხმება ჩინურ მხარესთან ნახევარ მილიონ დოზა „სინოფარმის“ მიღებასთან დაკავშირებით და წინასწარ თარიღებად განსაზღვრულია ივნისის მეორე ნახევარი. ყველაზე გვიან, ივლისის პირველი რიცხვები. ასევე, საერთაშორისო წითელი ჯვარი გვაჩუქებს 100 ათას დოზა „სინოფარმს“, თუმცა აქ თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ეს ზაფხულში განხორციელდება.

მოლაპარაკება მიმდინარეობს მილიონ დოზა „ფაიზერზე“ და უკვე კონტრაქტი ფორმდება, სადაც საუბარია მესამე კვარტალში მილიონ დოზის მიღებაზე. ამის გარდა, 1 400 000 დოზაზე გვაქვს ხელშეკრულება „კოვაქსთან“ გაფორმებული და იქიდან ჯერჯერობით მიღებული გვაქვს 115 ათასი დოზა ვაქცინა. ამას დაემატება 43 ათასი დოზა, ამიტომ მესამე კვარტალში, დიდი ალბათობით, „კოვაქსი“ მოგვაწვდის საკმაო რაოდენობას ვაქცინების“, – განაცხადა გამყრელიძემ.