სალომე ზურაბიშვილი: გამარჯვებაა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველომ ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო და რეგიონში, მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს

გამარჯვებაა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო. ომს, თავისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას. ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეჰპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ დაღდასმას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა.

„ამ ურთულეს რეგიონში, საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს. დღეს დადგა დრო, რომ ნათლად გავიაზროთ, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რას გვეუბნება გენერალ კვინიტაძის მაგალითი. მის მემუარებში ახსნილია დიდ წილად რამ განაპირობა 1921 წლის ომის ტრაგიკული შედეგი. მოუმზადებლობა, დეზორგანიზაცია, არათანმიმდევრულობა, გეგმების არარსებობა, პროფესიონალიზმის ნაკლებობა, გულგრილობა და პარტიული ამბიციების წინ დაყენება. ესაა ის გაკვეთილი, რომელსაც არა მხოლოდ უნდა მოვუსმინოთ, არამედ გავითავისოთ და დღევანდელ ჭრილში გავიაზროთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.