ანდჟეი დუდა: ყველა საერთაშორისო მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები

ყველა საერთაშორისო მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ გუშინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებები ამაღელვებელი იყო. დუდამ ადმინისტრაციულ ხაზთან არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელიც გუშინ პირადად მოინახულა.

„იქ დავინახე ის, რაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ნახოს. არა მხოლოდ ევროკავშირიდან, არამედ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოდან, რომ ნახონ როგორია რეალობა, რას ნიშნავს თანამედროვე რუსული პოლიტიკა, რაში გამოიხატება ის და რა ინსტრუმენტებს ხმარობს ის თავის პოლიტიკაში. ეს არის დატოვებული სახლები, ეს არის ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობის ნაკლებობა, რაც ტრაგედიას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ვიცით, რომ ახლა საერთოდ აკრძალულია ამ ხაზის გადაკვეთა, ოჯახის წევრებთანაც კი. მე ვიყავი იმ ადგილას, საიდანაც ჩანს რუსული შტაბ-ბინა, სამხედრო ერთეულები. ეს არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების აშკარა დარღვევა, რომელიც გულისხმობს რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან“, – განაცხადა დუდამ.