„ფაიზერი“ „ინდური შტამის“ მიმართ 80%-ის ფარგლებშია ეფექტური, “ასტრაზენეკა” 60%-იანი დაცვით ხასიათდება, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ეფექტურობის ამსახველი ციფრები ჯერ გამოქვეყნებული არაა – ვახტანგ კალოიანი

„ფაიზერი“ „ინდური შტამის“ მიმართ 80%-ის ფარგლებშია ეფექტური, “ასტრაზენეკა” 60%-იანი დაცვით ხასიათდება, ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ეფექტურობის ამსახველი ციფრები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა, საუბრობენ, რომ ორივე ჩინური ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის მიმართ ეფექტურია, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს’’ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანმა  „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კალოიანი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინები კორონავირუსის „ინდური შტამის“ მიმართ ეფექტურია.

“ფაიზერზე” ვიცით, რომ 80%-ის ფარგლებში არის მისი ეფექტურობა ამ შტამის მიმართ. ზოგადად, “ფაიზერი” ყველაზე კარგად შესწავლილი და ბევრ კვლევაგავლილი ვაქცინაა. “ასტრაზენეკა” 60%-იანი დაცვით არის ამ კონკრეტული შტამის მიმართ. “სინოფარმთან” და “სინოვაკთან” დაკავშირებით, გვაქვს ინფორმაცია, რომ ის საკმაოდ ეფექტურია. ეს ჩინეთის ოფიციალური წრეების ინფორმაციაა, თუმცა, კონკრეტული ციფრები არ არის გამოქვეყნებული.

მიუხედავად იმისა, რომ “სინოფარმი” არ არის საუკეთესო ვაქცინა ინფექციის დამმართების დაცვის თვალსაზრისით, ის ძალიან მაღალი პროცენტით გვიცავს მძიმე მიმდინარეობისგან და 100%-ით გვიცავს გარდაცვალებისგან. ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ის საკმაოდ უსაფრთხო ვაქცინაა, თუმცა, მას აქვს არადამაკმაყოფილებელი ეპიდემიოლოგიური შედეგები. პროფესიული ეთიკის და პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოქალაქეებს თამამად შეუძლიათ ვურჩიოთ, რომ აიცრან.

რა თქმა უნდა, „ფაიზერიც“ და „ასტრაზენეკაც“ მეტი ეფექტურობით გამოირჩევიან ინფექციის დამართების თვალსაზრისით, თუმცა, „სინოფარმით“ აცრის შემთხვევაში, კორონავირუსს გადავიტანთ ბევრად უფრო მარტივად. თუ „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ შემთხვევაში მხოლოდ 5%-ის ფარგლებშია დამართების რისკი, აქ ეს რისკი მაღალია. გადატანის შემთხვევაშიც კი ამ ინფექციას მსუბუქად გადავიტანთ“, – აღნიშნავს კალოიანი.