დაირაზმეთ – მეზობლები, მეგობრები და ახლობლები მიიყვანეთ ვაქცინაციაზე, ჩამოყალიბებული იმუნიტეტი იცავს ადამიანს ახალი შტამებისაგან – ხათუნა ზახაშვილი

ყველა ახალ, მუტირებულ შტამს აქვს გავრცელების მაღალი პოტენციალი და შესაბამისად, ამ შემთხვევებთან დაკავშირებით გატარდა ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა შემდგომი გავრცელებისგან დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის დაფიქსირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არასდროს არ ვართ დაცული კიდევ ახალი შემთხვევების შემოტანისგან.

„ამ 5 შემთხვევას კონტაქტი არ ჰყოლია, თუმცა ამ ხუთის გარდა შესაძლოა სხვა შემოვიდეს. მათი კონტაქტები რომ არ გავრცელებულა, ეს არ უნდა იყოს იმედი იმისა, რომ შემდგომში არ გავრცელდება. ეს მუტირებული შტამი, როგორც ახლა აფასებენ, გადამდებლობის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ვიდრე აქამდე ცნობილი სხვა მუტირებული შტამები იყო, შესაბამისად შესაძლოა, დაავადება სწრაფად გავრცელდეს.

ბრიტანეთში დომინანტურად მაინც რჩება „ბრიტანული შტამი“ და ამ ახალმა შტამმა ვერ შეძლო დომინანტური გამხდარიყო „ბრიტანული შტამის“ გავრცელების ფონზე. ეს შეიძლება ჩვენთვისაც იყოს რელევანტური, რადგან ჩვენთანაც ძირითადად „ბრიტანული შტამია“ გავრცელებული.

დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. თქვენი მეზობლები, მეგობრები და ახლობლები მიიყვანეთ ვაქცინაციაზე, როგორმე ვაქცინის მოცვა უნდა გავზარდოთ ქვეყანაში, ჯერჯერობით ამის დრო კიდევ გვაქვს. არსებული ვაქცინები ფარავს ყველა მუტირებულ შტამს, ჩამოყალიბებული იმუნიტეტი იცავს ადამიანს ახალი შტამებისაგან. ინდოეთში იმიტომ გავრცელდა, რომ ინდოეთს ვაქცინაციით მოცვა აქვს უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.