გახარიას ოცნების რეიტინგი ,,შლეიფად“ მოყვებოდა – კახა კახიშვილი

ყველა კვლევა, რომელიც ტარდება საქართველოში,  ტარდება  საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის – ასე პასუხობს კახა კახიშვილი ჟურნალისტის კითხვას ,,აირაის“ მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც გახარიამ პოლიტიკოსებს შორის პერსონალურ რეიტინგში 65% აიღო.

კახიშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული,  ეს კვლევა ემსახურებოდეს ბიძგის მიცემას, რომ გახარიამ შემოდგას ფეხი პოლიტიკაში და გადაინაცვლოს ოპოზიციაში.

,,მე კვლევას ვუყურებ ძალიან სიმბოლურად. ყველა კვლევა, რომელიც ტარდება საქართველოში ტარდება  საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.  თქვენ გინახავთ, რომელიმე კვლევის დამკვეთს ქონდეს ნეგატიური პასუხი თავის კვლევაზე?! ყველას, ვინც იკვლევს, აქვს მაღალი ციფრები და საბოლოოდ, ეს ასე არ არის. შესაბამისად, გამორიცხავთ, რომ თუნდაც ის კვლევა ემსახურებოდა ბიძგის მიცემას, რომ მან პოლიტიკაში ფეხი შედგას და ოპოზიციაში გადაინაცვლოს?!

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ,,აირაი“ არ ატარებს კვლევას, ის მხოლოდ უკვეთავს კვლევას კონკრეტულ ორგანიზაციებს. ისინი რამდენად სწორად ახერხებენ და ობიექტურად დებენ სურათს ეს უკვე სხვა საკითხია. მე მახსოვს ,,აირაის“ არაერთი კვლევა, რომელიც აცდენილი იყო შედეგებთან. ჩემი მინისტრობის პერიოდში, ყველაზე მაღალი რეიტინგი დამიწერეს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ დავიჯერე  და მე მაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი. რეიტინგი როგორც მოდის, ისე მიდის“. – განაცხადა კახა კახიშვილმა.