თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო საშუალოდ ოთხ წუთამდე შემცირდება

თბილისში ახალი სატრანსპორტო ქსელის სრულად დანერგვის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო საშუალოდ ოთხ წუთამდე შემცირდება. ამის შესახებ ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ შევიმუშავეთ და ეტაპობრივად ინერგება ახალი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც სამდონიანია. ის შედგება სწრაფი გადაადგილების დერეფნისა და მისი მკვებავი, დამაკავშირებელი ორი – საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებისგან. სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე მოძრაობს 12-მეტრიანი და მომავალში იმოძრავებს უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე – ექვს, რვა და 10-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ქსელის სრულად იმპლემენტაციის შემდეგ, მოცდის დრო მცირდება მინიმუმამდე. ეს იქნება საშუალოდ ოთხი წუთი, ხოლო ავტობუსების ტევადობა და გამტარუნარიანობა იზრდება 2.5-ჯერ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.