იაგო ხვიჩია – ვეცდებით, თაკო ჩარკვიანთან თავიდან დავმეგობრდეთ და ერთად შევჭამოთ ხინკალი

ვეცდებით, თაკო ჩარკვიანთან თავიდან დავმეგობრდეთ და ერთად შევჭამოთ ხინკალი, – ასე უპასუხა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტების შეკითხვას, თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შესაძლო შესვლის თაობაზე.

ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ მიესალმება, თაკო ჩარკვიანი ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს.

„თბილად მივესალმებით პარლამენტში თაკო ჩარკვიანს. ვეცდებით, თავიდან დავმეგობრდეთ და ერთად შევჭამოთ ხინკალი. საუბარია, რომ თვითონ დაგვპატიჟებს, ასეთი რამ უთქვამს, როგორც ჟურნალისტებმა მითხრეს, თუ არადა – ჩვენ.

თავის დროზე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კოლეგა ოპოზიციონერები თავს იკლავდნენ „არ შემოვალთო“, მე და სანდრო დავნაძლევდით. ვთქვი, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემოვიდოდნენ პარლამენტში, მაშინ ეს ძალიან წარმოუდგენლად ჩანდა. სანდრომ ჩათვალა, რომ ძალიან მარტივად მოიგო სანაძლეო და მე როგორც გაუთვითცნობიერებელ ადამიანს, ასე დამენიძლავა, მაგრამ ხედავთ, სიტუაცია იცვლება და შეიძლება, სანაძლეო მოვიგო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.