კახა კალაძე – წლის ბოლოსთვის არც ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში, იგივე ეხება მიკროავტობუსებსაც

​ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი და უმთავრესი გახლავთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე კომფორტული, ყველაზე მოწესრიგებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე კარგად მიმდინარეობს ავტობუსების განახლების პროცესი.

„წლის ბოლოსთვის საერთოდ არც ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში, ეს ეხება როგორც ავტობუსს, ასევე მიკროავტობუსებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, გუშინაც ვისაუბრე ამაზე – მხოლოდ ავტობუსების ჩანაცვლებით პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. აუცილებლად შესასრულებელია რეფორმის ყველა ის დეტალი, რომლებზეც ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით, რომელზეც უკვე 30 წელია, პრობლემა არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი მოწესრიგდება და ყველაფერი იქნება ისეთ დონეზე, როგორც ყველა განვითარებულ, ევროპულ დედაქალაქებში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.