ხელები და ფეხები ერთი ზომა აქვს, რანაირად უნდა სცემო არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, მართლა საცემია – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი, გიგი უგულავა სასამართლოში მის საქმეზე ჩანიშნულ პროცესს ეხმაურება და ძიუდოისტის ცემის ამბავს აბსურდს უწოდებს.

„ძიუდოისტის ცემის ამბავი თავისთავად ხომ აბსურდია. იმ კაცს რომ შეხედავ, მიხვდები, რომ ხელები და ფეხები ერთი ზომა აქვს, რანაირად უნდა სცემო, არ ვიცი. მაგრამ ისე საცემი, როგორც ჩანს, მართლა არის, მოსყიდვაზე, რომ წაჰყვა ხელისუფლებას. ჩვენი ქართული მართლმსაჯულების ცინიზმი იქამდე მიდის, რომ შეიძლება ხვალ დამახვედრონ ბადრი საბა გავაშელიშვილის წერილი, რომ თურმე ის მპატიობს, რომ მე ის ვცემე. ეს, რა თქმა უნდა, ცინიზმის გაგრძელებაა, მე არავის ამნისტია არ მჭირდება, ეს არ არის 126-ე მუხლი და მე არ ვარ აქ ბრალდებული, იმიტომ, რომ მე ეს პირუტყვი არ მიცემია. მოწმე, რომელიც მაგიდასთან იჯდა ჩვენთან ერთად, მესამე ადამიანი, ის არც კი დაუკითხავს გამოძიებას, არათუ კამერების ამოღება,” – აცხადებს გიგი უგულავა.

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი ხვალ გაიმართება. როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, პროცესი 11 საათზე ჩაინიშნა იმ საქმის განხილვა, რომელიც აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხება.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.