„კოვაქსმა“ დაადასტურა, რომ საქართველოს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის 700 000-მდე და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ 130 000-მდე დოზა მოეწოდება – ამირან გამყრელიძე

მესამე კვარტალში „კოვაქსმა“ „ნოვოვაქსის“ 700 000 და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ 130 000-მდე დოზის მოწოდება დაადასტურა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სოციალურ ქსელში ჩართვის დროს განაცხადა.

„დღეს, როგორც პირველი, ასევე მეორე აცრისთვის გვაქვს მარაგი დაახლოებით ვაქცინის 160 000-მდე დოზა. ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა დაახლოებით ნახევარ მილიონ „სინოფარმს“ მიიღებს. ასევე მესამე კვარტალში განსაზღვრულია უკვე „ფაიზერის“ მილიონი დოზის მიღება და ასევე დაახლოებით მესამე კვარტალში „კოვაქსმაც“ დაადასტურა 700 000 „ნოვოვაქსის“ მოწოდება და დაახლოებით 130 000-მდე „ჯონსონი და ჯონსონის“ მოწოდება. მესამე კვარტალში უკვე განსაზღვრულია, მასობრივი, ინტენსიური აცრები და დღეში დაახლოებით 15 000-16 000 ადამიანი უნდა აიცრას.

„სინოვაკმა“ ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისაგან გუშინ მიიღო. „სინოვაკის“ დოზა დაახლოებით 100 000 გვქონდა. უკვე დღეის რიცხვით „სინოვაკი“ ქვეყანაში აცრილია დაახლოებით 7 186 ადამიანი. „სინოვაკი“ ისევე როგორც „სინოფარმი“ ერთ-ერთი პოპულარული ვაქცინაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.