დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან კოორდინირებულად ვმოქმედებთ ყველა საერთაშორისო ფორმატში, მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

ძალიან ბევრი ერთობლივი ღონისძიება გვექნება ევროპულ დედაქალაქებში, ბრიუსელში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ ჩვენ საერთო მისწრაფებები და მიზნები გვაქვს, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა უკრაინის დელეგაციასთან გაფართოებულ ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ ოკუპაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ჩვენ ვართ ერთმანეთის სოლიდარული და მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებულად ვმოქმედებთ ყველა საერთაშორისო ფორმატში, მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ გვაქვს საერთო ხედვები და მიზნებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. 17 მაისს კიევში ჩემი ვიზიტის დროს სამ ქვეყანას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი და ჩვენ დავაფუძნეთ „ასოცირებული ტრიო“ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შემადგენლობით, რაც ხაზს უსვამს ჩვენს შეუქცევად სწრაფვას გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები. სამ ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის განსხვავებული დონე, განსხვავებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრი ქვეყნებისგან და ეს გვავალდებულებს აქტიურად ვიმუშაოთ ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან, იმიტომ რომ დიფირენცირებული მიდგომა, პრინციპი „მეტი მეტისთვის“ იყოს შესაბამისად ასახული იმ პროგრესში, რომელიც ამ ქვეყანას აქვს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ დავგეგმოთ ერთობლივი ღონისძიებები. ძალიან ბევრი ერთობლივი ღონისძიება გვექნება ევროპულ დედაქალაქებში, ბრიუსელში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ ჩვენ საერთო მისწრაფებები და მიზნები გვაქვს. ეს იქნება ასევე ნატოს მიმართულებითაც“, – განაცხადა ზალკალიანმა.