გიორგი ვაშაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს არასდროს, არც ერთ რაიონში მხარს არ დავუჭერთ, უნდა დასრულდეს ორპოლუსიანი უბედურება ამ ქვეყანაში

„სტრატეგია აღმაშენებელს“ არ სცალია იმისთვის, ვინ სად იქნება და რა იქნება. ივლისამდე მოლაპარაკებას საერთოდ არავისთან არ ვაპირებ. ახლა პოლიტიკაში დრო არის ხალხისთვის. ეს ერთი თვე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პრობლემები, რომელიც ხალხს აწუხებს, პარლამენტში შემოვიტანოთ, რომ ეს ინსტიტუცია ავამუშაოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საკუთარ პოზიციას ივლისში გაასაჯაროებს.

„ხედავთ, რომ პარლამენტი მოიქოქა. ჯერ თუხთუხის სტარტია. ცოტა ხანში ნახეთ, რა იქნება. ჩემი პოზიცია ივლისში იქნება, ამ განხილვაში შესვლას არ ვაპირებ, სხვამ განიხილოს და იმსჯელოს. ამისთვის არ მცალია, ჩვენ გვცალია ხალხის პრობლემებისთვის. ერთი თვე გვაქვს, რომ პარლამენტს ხალხის ხმა გავაგონოთ. რა დროს იმაზე ლაპარაკია, ვინ იქნება მერი? – არ მცალია ივლისამდე. მკაფიოდ მაქვს ნათქვამი და ამას არ გადავთქვამ. ჩვენს გუნდს პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული – „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს არასდროს, არც ერთ რაიონში მხარს არ დავუჭერთ. კი არ გამაბრაზეს, უნდა დასრულდეს ორპოლუსიანი უბედურება ამ ქვეყანაში. დანარჩენზე, ივლისში ვისაუბროთ. ხომ მაქვს უფლება, ივლისამდე არ ვილაპარაკოთ? თუ გინდათ, ამ თემას დღეში ხუთ წუთს დავუთმობ“, – განაცხადა ვაშაძემ.