ეს არის სისტემური ჩავარდნა, უკიდურესად დაგვიანებული რეაქცია სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან – კახაბერ ქემოკლიძე ნინოწმინდის პანსიონზე

პარტია “საქართველოსთვის” წევრის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, სახელმწიფოს ჰქონდა დაგვიანებული რეაქცია ნინოწმინდის პანსიონის საკითხთან დაკავშირებით და ეს მიუთითებს სახელმწიფო ინსტიტუტების პრობლემაზე.

მისივე თქმით, მსგავსი პრობლემები ხდებოდა ყოველთვის, სხვადასხვა მინისტრების დროს და საჭიროა, რომ ყველა ასეთ პრობლემას სახელმწიფო მიუდგეს სისტემურად.

,,ჩემი აზრით, ნინოწმიდნის მოვლენებთან დაკავშირებით ხდება ის, რომ ეს არის სისტემური ჩავარდნა, უკიდურესად დაგვიანებული რეაქცია სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. ამან ერთი მხრივ, გამოაჩინა ინსტიტუტების სისუსტე პრობლემის მიმართ. მოგეხსენებათ, ბავშვების უფლებები და მათი უსაფრთხოება არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი. ნინოწმინდის მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ მიმართულებით გარკვეულწილად სახელმწიფომ უკიდურესად დააგვიანა რეაქცია.
ეს პრობლემები არსებობდა ყოველთვის, სხვადახვა მინისტრების დროს. როდესაც მინისტრი იყო გიორგი გახარია და მეც წარმოვადგენდი ერთ-ერთ დანაყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პირველ რიგში ხდებოდა პრობლემის იდენტიფიცირება. პრობლემას ვერ მოაგვარებ, თუ მას არ გამოიტან სააშკარაოზე. მაშინაც იყო მსგავსი ტიპის პრობლემა, მაგრამ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებიდან დაწყებული, ომბუდსმენის აპარატით დამთავრებული, ყველასთან ვთანამშრომლობდით და სისტემურად ვუყურებდით საკითხს“, – აღნიშნავს კახაბერ ქემოკლიძე.