საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ მიმართეს საქალაქო სასამართლოს სარჩელით პანსიონიდან ყველა აღსაზრდელის გაყვანის შესახებ. მათი არგუმენტი კი იყო ყველა ის ადამიანი, რომელიც საუბრობს ღირსების შემლახველ დანაშაულებზე, რამაც შექმნა, ჩვენი შეფასებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი.

„ვითხოვდით, პანსიონში მცხოვრები ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანას. ჩვენი არგუმენტაცია რა თქმა უნდა, იყო მტკიცებულებები იმ ბავშვების, რომლებიც ამჟამად იქ ცხოვრობენ, ადამიანების, რომლებსაც უცხოვრიათ ამ დაწესებულებაში და საუბრობენ არაერთ უმნიშვნელოვანეს დარღვევაზე, სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულებზე, ღირსების შემლახველ დანაშაულებზე, რამაც შექმნა, ჩვენი შეფასებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი. რის გამოც მიგვაჩნდა, რომ ყოველგვარი გადადების გარეშე, ბავშვებს უნდა დაეტოვებინათ პანსიონი. სწორედ ამიტომ, გუშინ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით. მოსამართლე ივანე ღლონტმა განიხილა ჩვენი შუამდგომლობა და სრულად დაგვეთანხმა საფრთხის არსებობაში, რაც ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე, ახლავე უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

გარდა ამისა, როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანა არგანაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეუძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, „სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ პანსიონში საფრთხე ეხება იქ მცხოვრებ ყველა ბავშვს“.