ბედუკაძის აღსარება

ზაზა დავითაია

„ასავალ დასავალი“

“კოჰაბიტირებული პოლიტიკური ნაგვისგან ქვეყნის ასაყროლებლად არ მიბრძოლია!”

“ჯალათების 90 პროცენტი დაუსჯელი დარჩა”

ამასწინათ, ნაცების რეჟიმის ცნობილი მამხილებელი, ციხეებში წამების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების ავტორი, ჩემი მეგობარი ლადო ბედუკაძე დამიკავშირდა: ნახე, ზაზა, ჩემს არქივში იმ პერიოდის ჩანაწერები აღმოვაჩინე, რომელიც ფარული კადრების გამოქვეყნების პერიოდში დავწერეო.
ამ დღიურზე დაყრდნობით, ახლო მომავალში, ალბათ, წიგნი დაიწერება და ბესტსელერადაც იქცევა.

როგორ ცხოვრობს და რას განიცდის დღეს ლადო ბედუკაძე? — გთავაზობთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

ფრაგმენტი დღიურიდან :

2011 წლის გაზაფხულამდე საზოგადოება უძლური იყო ბოროტების იმ სენთან ბრძოლაში, რომელიც ქვეყანას განადგურებას უქადდა და რომელსაც სახელად სააკაშვილი ერქვა.
საზოგადოების იმ ნაწილთან მეც უძლური ვიყავი, ვეძებდი გზას, საშუალებას ჩემი ქმედებით რაიმე სასიკეთოდ შემეცვალა ქვეყანაში. სხვასავით ვუსმენდი სიძულვილის, სისასტიკის, ძალადობის ნიაღვარს, რაც ერთი მუჭა ადამიანებისგან იღვრებოდა და ბევრისგან განსხვავებით, ჩემი თვალით ვხედავდი მათ უკეთურობას.
ვუცქერდი, როგორ ამონებდა, სისხლში ახრჩობდა, კლავდა, აწამებდა ჰიტლერის თანამედროვე პაროდისტი საქართველოს…

ერთხელ, 2011 წლის გაზაფხულზე, როცა გაზეთი „ასავალ-დასავალი“ გადავშალე, ჟურნალისტთა შორის ჩემი ყოფილი პატიმრის (ასე უწოდებენ სისტემის ყოფილი თანამშრომელბი იქ მოხვედრილებს) გვარი ამოვიკითხე. ის პენიტენციალურ სისტემაში წამების შესახებ წერდა და იუწყებოდა, რომ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილის  მითითებით რეჟიმისგან ნაწამები პატიმრების საქომაგოდ, „ცხელი ხაზის“ რუბრიკა დაარსდა.
მაშინვე გადავწყვიტე, გამოვხმაურებოდი.

ვიცოდი, ნებისმიერი ტექნიკური თუ პირადი კონტაქტი ჩემთვის, შესაძლოა, საბედისწერო გამხდარიყო, მნიშვნელოვნად რისკავდა ზაზაც. თუმცა, მაინც გავბედეთ. „სკაიპში“ ხმის შემცვლელი პროგრამა დავაყენე და დავითაიას დავუკავშირდი.
არ დამიმალავს, რომ ის მე მიცნობდა, მაგრამ ვინაობა არ გავუმხილე. მარტო ის ვუთხარი, რომ გლდანის 8 დაწესებულების მაღალჩინოსანი თანამშრომელი ვიყავი და რეჟიმის დანაშაულების რეალურ მტკიცებულებებს პერიოდულად მივაწვდიდი გაზეთში დასაბეჭდად.

ზაზა დამთანხმდა და მომენდო კიდეც.. ვსაუბრობდით საათობით ყველაფერზე: რეჟიმზე, პოლიტიკაზე, ციხეებზე, საქართველოს მომავალზე. ზაზა ბეჭდავდა ჩემს მიერ მიწოდებული მასალის მცირე ნაწილს, როგორც შემდეგ მითხრა — თურმე, მარტო იმ ინფორმაციებს, რის გადამოწმებასაც ახერხებდა. ბოლომდე მაინც არ მენდო — არ გამორიცხა, რომ შეიძლება მასთან მიგზავნილი ვიყავი.
არც გაემტყუნებოდა, მას ხომ ამის გამოცდილება უკვე ჰქონდა.
2011 წლის შემოდგომაზე სიცოცხლის რისკის ფასად მოვახერხე და საპყრობილედან გამოვიტანე რეჟიმის მაკომპრომეტირებელი მასალა, იგივე შაჰიდის ქამარი, როგორც შემდგომ მთავარმა პროკურორმა ეს ნაბიჯი შეაფასა.
2012 წლის ზაფხულში, აწ უკვე გადეპუტატებული ყოფილი პატიმრის დახმარებით, უფრო დიდ რისკზე წავედი — დავტოვე საქართველო და რეჟიმის სისასტიკის საილუსტრაციოდ ევროპას მივაშურე.
ჩემდა უნებურად პოლიტიკური, ეპოქალური ცვლილების მონაწილე შევიქენი!
ვრცელი, მძიმე, ტრაგიკული გზა გამოვიარე. შეურაცხყოფა, დევნა, მუქარა ფეხის ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდა…

— ლადო, შენი გოლგოთა ჯერ არ დასრულებულა. პირდაპირ გეკითხები — რა მოტივი გამოძრავებდა, როცა თავს სწირავდი?

— მხოლოდ საქართველოს სიყვარული!.. ბევრმა ეს ვერ გაიგო. ახლობლების ნაწილიც დღემდე მსაყვედურობს — ნეტავ ერთი, შენ, რა პატრიოტიზმი აგიტყდა, აგეღო ფული, მოშორდებოდი ამ ბინძურ ქვეყანას, დარჩენილიყავი უცხოეთში, გეცხოვრა უზრუნველად… დიახ, ეს ნამდვილად შემეძლო, თუმცა, 2012 წლის ე.წ. „ციხის კადრების“ ეპოპეის შემდეგ მაინც დავბრუნდი საქართველოში, რათა მონაწილეობა მიმეღო სამ ათეულამდე სასამართლო პროცესში, სადაც, ფაქტობრივად, პროკურორის ფუნქციას ვასრულებდი — საბრალდებო სკამზე მსხდომ მაღალჩინოსან დამნაშავეებს, რომლებიც მრავალმნიშვნელოვანი, მუქარის შემცველი, გამბურღველი მზერით ცდილობდნენ როგორღაც შევეჩერებინე, როცა მათი ჩადენილი მძიმე დანაშაულების შესახებ სასამართლოს მოვუთხრობდი..

ეს იყო ჩემი მხრიდან ჩადენილი თავზეხელაღებული საქციელი, რომლის ერთადერთი მოტივაცია მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან მომდინარეობდა.

მართლაც ძნელი იყო ობივატელის დარწმუნება, რომ არანაირი მატერიალური დაინტერესება ამ რისკის საფასურად არ მქონია და არც ჩემს ხელთ არსებული ძვირფასი ინფორმაციებით არავისთან მივაჭრია!

— რა შეცვალა საქართველოში თქვენს მიერ მიცემულმა ჩვენებებმა?

— მოვლენები ბუნებრივად რომ განვითარებულიყო, ჩემი ჩვენებები საფუძვლად უნდა დასდებოდა ახალ ნიურნბერგის პროცესს. თუმცა, საიდანღაც გამომტყვრალმა კოჰაბიტაციის პროცესმა, როგორც ზღაპრულმა გველეშაპმა, სიცოცხლის საფასურად გახმაურებული ჩემი მხილებები თითქმის მთლიანად შთანთქა! ერთადერთი, რისი გამოძიებაც ხელისუფლებამ ბოლომდე მიიყვანა და შესაბამისი განაჩენით დააგვირგვინა, ჩემს მიერ, ჯერ კიდევ ბელგიიდან გაჟღერებული, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის ფაქტი გახლდათ.
მთელი წინასწარი და შემდეგ, სასამართლო გამოძიებაც, მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ იყო მიმართული, სხვა თითქოს, არაფერი აინტერესებდათ, გარდა იმისა, რომ ჯალათებთან ერთად, როგორღაც ბრალი ჩემთვისაც წაეყენებინათ.

სასამართლოშ დაკითხულ ასობით მოწმეს  (საქმე 7 ეპიზოდისგან შედგებოდა) ერთი და იგივე კითხვით მიმართავდნენ: რას აკეთებდა , სად იმყოფებოდა ამ დროს ლადო ბედუკაძე? — მიუხედავად იმისა, ვფიგურირებდი თუ არა კონკრეტულ ეპიზოდში.  

ვერც სააკაშვილის, ვერც მის შემდგომმა გამოძიებებმა ჩემს წინააღმდეგ ვერ შეძლეს, წარმოედგინათ რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა იმ ვიდეომასალისა, რაც თავად ჩავაბარე პროკურატურას.

არცერთმა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციამ არ ინება და არ შეისწავლა აღნიშნული საქმის სასამართლო თუ წინა სასამართლო გამოძიების კანონიერების საკითხი! 

გამოძიებამ განზრახ დატოვა მრავალი ლაფსუსი საქმეში, რომ შემდგომ სააკაშვილის რეჟიმის ქომაგების პრეტენზიებისთვის ლეგიტიმურობის საფუძველი გაეჩინა.

გამოძიებამ ექსპერტიზაც კი არ ჩაუტარა კადრების დედნებს, რადგანაც არცერთ ვიდეოკადრში ვიზუალურად არ ვჩანდი. ხმის ნიმუშიც არ აუღიათ ჩემთვის, ცნობაც კი არ დევს სისხლის სამართლის საქმეში, ვასრულებდი თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას კონკრეტულ დღეს…

თქვენ მეკითხებით — რა შეცვალა საქართველოში ჩემმა ჩვენებებმა? ფაქტობრივად, სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე დასხდნენ საბრალდებო სკამებზე რეჟიმის თითზე ჩამოსათვლელი ოდიოზური ჩინოვნიკები, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ კოჰაბიტაციის მიუხედავად, რეპრესიაგამოვლილი და გამძვინვარებული საზოგადოების დასაშოშმინებლად გაიმეტა!

— ნაცებსა და მათ სატელიტებს ისე გამოყავთ, რომ მათი რეჟიმის წლებში ყველაფერი წესრიგში იყო, მხოლოდ ერთადერთი ჯალათი — ლადო ბედუკაძე ამღვრევდა ქვეყანაში წყალს.

სასამართლოს არ უმსჯელია ჩემი ბრალეულობის საკითხზე, სასამართლოს არ უთქვამს, რომ ბედუკაძე დამნაშავეა. ე.წ. პოლიტიკოსების ნებისმიერი ბრალდება, ყველა წამოძახილი ჩემი მისამართით — ყველაზე მცირე — უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა!

სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის“ მიზანი 2004-2012 წლებში პენიტენციალურ სისტემაში გარდაცვლილი ადამიანების საქმეებისა და გარდაცვალების მიზეზების ხელახალი შესწავლა იყო, თუმცა, კოჰაბიტირებულ ახალ ხელისუფლებას ესეც არ აწყობდა და იდეა მარტივად, ტექნიკურად დაბლოკეს.

— რამდენად ჰგავს ფილმ „ჰეროკრატიას“ პერსონაჟი დიმიტრი დოდიკაძე თავის პროტოტიპს — ლადო ბედუკაძეს?

— თითქმის ზუსტად არის ასახული ჩემი მდგომარეობა. ერთი მხრივ, სამსახურებრივი სუბორდინაცია, უკანონო ბრძანებები, მეორე მხრივ კი, არსებულ სიტუაციაში უკანონობის მხილების ჩემი მისწრაფება. ფილმში არის ერთი მომენტი, რომელსაც რეალურად ჰქონდა ადგილი ციხეში ჩემი მუშაობის დროს.
რეჟიმის უფროსი ეკითხება დოდიკაძეს — შენ ვისკენ ხარ ბიჭო, ჩვენსკენ თუ პატიმრებისკენო?
მე შემეძლო ვყოფილიყავი მათკენ, მაგრამ, აქაც კანონის მიმართ მორჩილებამ და მორალური პრინციპების ერთგულებამ გადამძალა — მთიულ კაცს, სხვაგვარად არც შემეძლო!

— ყოფილი რეჟიმის თვალსაჩინო სამიზნედ იქეცით. რით პასუხობთ ცილისწამების ნიაღვარს?

2012-2015 წლებში სამართალდამცავ ორგანოებს (შსს-ს, პროკურატურას) ჩემს მიმართ განხორციელებული მუქარის, შანტაჟის, ცილისწამების, ფსიქოლოგიური ზეწოლი, ცრუ დასმენის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით მივმართე ათ (!) სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით, თუმცა შედეგი არცერთ მათგანზე არ დამდგარა.

ერთი მათგანიც რომ ჩემს სასარგებლოდ დასრულებულიყო, ეს ავტომატურად ჩემს პიარზე და რეიტინგზე იმუშავებდა, მაგრამ ჯალათებთან კოჰაბიტაციურ ხელისუფლებას ესეც არ აწყობდა. აღნიშნული საქმეების ირგვლივ საქმის კურსში პირადად ჩავაყენე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი , ესეც ამაოდ.

სააკაშვილის რეჟიმის ქომაგებს ვინ ჩივის, როცა განტევების ვაცად ახალმა ხელისუფლებამაც მაქცია.

ახალი რეალობა, ანუ პოსტფაშისტური, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ძალაუფლების დათმობის ეპოქა სწორედ, 2012 წლის სექტემბრის იმ დღიდან იწყება, როცა წამების კადრების ხილვით აღშფოთებული ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა!

დღეს, როცა, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის და, ძაღლი თუ ღორი მე მლანძღავს, ვაცხადებ, რომ ამ გაქსუებული პოლიტიკანების 90 პროცენტი სააკაშვილის ღირსები იყვნენ!

არადა, ისინი სხვისი სიცოცხლის რისკის შედეგებით დღემდე სარგებლობენ, პარლამენტარის სავარძელს ათბობენ და ბედუკაძის ბედი არაფერში ედარდებათ!

ახლა რომ, ერთი მინისტრის სავარძლიდან მეორეში გადაბრძანდებიან, ვინ იცის, სააკაშვილის მმართველობის გახანგრძლივების შემთხვევაში სად და რაზე ისხდებოდნენ!

კოჰაბიტირებული პოლიტიკური ნაგვისგან ქვეყნის ასაყროლებლად არ მიბრძოლია!

მქონდა მაღალანაზღაურებადი სამსახური. ვკითხულობდი ლექციებს სასჯელაღსრულების კურსში, მატერიალურად არ მიჭირდა.
დღეს რა? არსებობის საშუალებაც არ მაქვს და იძულებული ვარ, სოფელ კოტორაანთკარში, მამაპაპისეული ნაკვეთი გავყიდო, რათა ოჯახს საზრდო არ გამოელიოს!

არანაირი სამსახური, სახელმწიფო სტრუქტურებში როგორც კეთროვანს ისე მიყურებენ , ჩემით მოვისმე კარიერა,თანაც ენით აუწერელი ცილისწამების ობიექტად ვიქეცი , ნაცებიც და ქოცებიც მე მლანძღავენ.
არადა, ვერც ვერავინ გაიგებდა ჩემს შესახებ, რომ არა ისევ ქვეყნის სიყვარული.
საქართველოში რეჟიმის დროს 19 ციხე იყო. ყველა ციხეში აწამებდნენ პატიმრებს. წამების კადრებსაც ყველგან იღებდნენ, მაგრამ მარტო მე მივიღე ამ დანაშაულის მხილების გადაწყვეტილება! ჯალათების 90 პროცენტი დაუსჯელი დარჩა, მათი ვინაობაც კი არ დაუდგენია ოფიციალურად სახელმწიფოს. ამის მიუხედავად, მავანს მაინც არ გავახარებ და არ ვინანებ. არ ვიტყვი — ნეტავ, რა მრჯიდა?! დიახ, მრჯიდა ჩემი ქვეყნის მომავალზე დარდი და თავიც შეგნებულად გავწირე!

— ახალ არჩევნებს როგორ აფასებთ?

ნეტავ გაბედოს ვინმემ თქვას,რომ საქართველოში ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებული არჩევნების შემდგომ, ქვეყნის ბედს ხალხი ოდესმე წყვეტდა…

მიმიფურთხებია იმ ქვეყნის პარლამენტისთვის, სადაც მკვლელი და მწამებელი კანონს დაგიწერს!

მას მერე, რაც 4 წლის წინათ ხალხი სიცოცხლის რისკით დიქტატურის წინააღმდეგ საბრძოლველად აღდგა, საბრალდებო სკამის ნაცვლად, ჯალათები ისევ პარლამენტში სხდებიან! მე დამადლებულად დანიშნული დაცვა მომიხსნეს — აქაოდა, საფრთხე აღარ გემუქრებაო. პირდაპირ, ჩემს მიმართ შურისძიებით ანთებული მტრის კლანჭებში მაგდებენ — რა კაცუნები არიან.

არადა, მარტო ბედუკაძის კი არა, მთელი ქართველი ხალხის წინააღმდეგ 27 ნამდვილი საფრთხე პარლამენტში ჩაასაფრეს!
ამის მიუხედავად, ფარ-ხმლის დაყრა არ ღირს! ვიდრე პირში სული გვიდგას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თანაც, საქართველო ნამდვილად არის უკეთესი მომავლის ღირსი, ჩვენ კი უფლება არ გვაქვს, სამშობლოს ბედი ანტიქრისტიანულ ძალებს შევატოვოთ!

კომენტარის დატოვება