პაატა მანჯგალაძე: უახლოეს ხანებში გახარია თვითონ მოგვცემს იმ მტკიცებულებებს „ნაცია“ თუ „ქოცია“

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი პაატა მანჯგალაძე განმარტავს, რომ თვითონ გიორგი გახარიამ უნდა გასცეს პასუხი იმ ბრალდებებს, რაც მის წინააღმდეგაა მიმართული. მისი თქმით, მალე გაირკვევა გახარია „ნაცია“ თუ „ქოცი“.

„მე ვერ გავიზიარებ ყველაფერს, რასაც სახელისუფლებო მედია და პროპაგანდა აკეთებს, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკური პიარის ნაწილი, რომ ერთი ჯგუფი ამტკიცებ, რომ გახარია ნაციონალია და მეორე ჯგუფი ამტკიცებს, რომ გახარია არის „ქოცი“. თვითონ გახარიამ უნდა გასცეს ამ კითხვებს პასუხი საკუთარი ქმედებებით. უახლოეს ხანებში გახარია თვითონ მოგვცემს იმ მტკიცებულებებს გახარია „ნაცია“ თუ „ქოცია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის თქმით, აღნიშნული ცრუ ბრალდებები, რაც გახარიას წინააღმდეგაა მიმართული საბოლოო ჯამში ჭორაობას ემსგავსება. როგორც დაუშვილი აღნიშნავს, აუცილებელია, რომ დაიწყოს გამოძიება და ყველაფერი დადგინდეს.

„ასეთი ტიპის ცრუ ბრალდებები, რომელსაც უბრალოდ არანაირი მტკიცებულება და არგუმენტი არ გააჩნია საბოლოო ჯამში ხდება ჭორაობა, შესაბამისად ჩვენი პოზიცია, არის ისევ ის, რაც ბრიფინგზე დავაფიქსირეთ, რომ ამასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს თუ ვინმეს რაიმე გადატრიალება ჰქონდა მომზადებული“, – განაცხადა დაუშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ეს არის ჩვეულებრივი შავი პიარი, ოღონდ გაუგებარია „ნაციონალურ მოძრაობას“ აშავებენ თუ გახარიას.

„ეს არის ჩვეულებრივი შავი პიარი, რომელსაც ჩვენ წლებია ვისმენთ, ხან რას გვაბრალებენ ხან რას, ეს არის ჩვეულებრივი შავი პიარი, ოღონდ გაუგებარია „ნაციონალურ მოძრაობას“ აშავებენ თუ გახარიას, ეს უკვე მათი საქმეა. ფაქტია, რომ სერიოზული პრობლემები აქვთ და საკუთარ გუნდში აქვთ პრობლემები“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა საბა ბუაძემ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი საზოგადოების საჭიროებებსა და პრობლემებს არ პასუხობს და სწორედ ამიტომ ის კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ეს საზოგადოების საჭიროებებსა და პრობლემებს არ პასუხობს, ეს კინკლაობა, რასაც ჩვენ ვისმენთ და ამიტომ დამატებითი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე უბრალოდ რთულია“, – განაცხადა ბუაძემ.