მეუფე ნიკოლოზი: ვიდრე ნინოწმინდის ბავშვთა სახლი ჩემს ეპარქიაში გადმოვიდოდა, დარღვევები და გადაცდომები იყო – არ ვამართლებ, მაგრამ 18 წლის წინ სხვანაირი სტანდარტები იყო

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, 18 წლის წინ, მაშინ, როცა პანსიონი ჯერ კიდევ არ იყო მისი ეპარქიის დაქვემდებარებაში, დაწესებულებაში დარღვევები და გადაცდომები ნამდვილად იყო, თუმცა, მაშინ, სრულიად სხვა სტანდარტები არსებობდა.

„რა თქმა უნდა, დარღვევები და გადაცდომები იყო, მაგრამ აღმზრდელების გაშვება, ძირითადად, მოხდა იქამდე, ვიდრე ეს ბავშვთა სახლი ჩემს ეპარქიაში გადმოვიდოდა. 18 წელია, ეს ბავშვთა სახლი ჩემთან, ჩემს ეპარქიაშია. წმინდა სინოდის სხდომაზე დაჟინებით მოვითხოვე, რომ მისი ხელმძღვანელი ყოფილიყო მეუფე სპირიდონი, რომელმაც, საერთოდ, დაიწყო ეს საქმე. სინოდმა ეს თხოვნა დამიკმაყოფილა და რამდენადაც ვიცი, ამ პერიოდში, სიტუაცია შედარებით, სტაბილური გახდა. არაა გამორიცხული, რომ გარკვეული ტიპის ფიზიკური ძალადობა ყოფილიყო, რადგან ლაპარაკია იმაზე, თუ რა ხდებოდა 18 წლის წინ სხვაგან. დღევანდელი გადმოსახედიდან, ამას კი არ ვამართლებ, მაგრამ მაშინ აბსოლუტურად სხვა სტანდარტები იყო.

მაშინ საკმარისი იყო, რომ გაეთავისუფლებინათ აღმზრდელი, რომლისგანაც რაიმე ტიპის ფიზიკური ძალადობა იქნებოდა. ბავშვისთვის ყურის აწევაც და მუხლებზე დაყენებაც მიუღებელია, მაგრამ მაშინ სხვანაირი სტანდარტები იყო. დაიხვეწა ეს სტანდარტები, განვითარდა, დღეს სხვანაირად ვცხოვრობთ, სხვა რეალობაში ვართ და ძალიან კარგია, რომ ეს ასეა. რა თქმა უნდა, რამდენიმე ბავშვი ახლაც ამბობს, რომ ეს ახლაც არის, მაგრამ რასაც ეს ბავშვები ამბობენ, მე არ მსმენია. ოდნავ მაინც რომ გამჩენოდა რაიმე ეჭვი, მერწმუნეთ, რომ ეს საქმე აქამდე არ მოვიდოდა – კამერების წინაშე არ დამჭირდებოდა ლაპარაკი, თავად მოვახდენდი რეაგირებას, აუცილებლად ჩავაყენებდი საქმის კურსში პატრიარქს, წმინდა სინოდს… რომ ყოფილიყო რაიმე ასეთი. პირველ რიგში, მეუფე სპირიდონს დაველაპარაკებოდი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.