საჭიროა ჩამოყალიბდეს კარგი ტანდემი თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის სახით

რა მდგომარეობაა თავდაცვის სფეროში? რა აუცილებელი რეფორმებია გასატარებელი ქართულ ჯარში და როგორი უნდა იყოს თავდაცვის მინისტრი? ამ და სხვა კითხვებით ბრიგადის გენერალს, ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძეს დავუკავშირდით.

-საპარლამენტო არჩევნებს  უმეტესად თან ახლავს სამთავრობო ცვლილებები, როგორ ფიქრობთ, ასეთ დროს, როცა ჯერ კიდევ არ არის მთლიანად დალაგებული მდგომარეობა, რამდენად წაადგება ქვეყანას ახლახანს დანიშნული თავდაცვის მინისტრის კიდევ ახლით ჩანაცვლება?

-საზოგადოებას ემახსოვრება ჩემი ბლოგი, სადაც ვწერ, რომ 2004 წლიდან თავდაცვის წინა მინისტრი 11-ე იყო. შესაბამისად, დრევანდელი მინისტრი 12-ეა. მერწმუნეთ ეს ძალიან ხშირი ცვლილებებია. მთლიანობაში 25 წლის მანძილზე 18-ე მინისტრი გვყავს. პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია როგორ დააკომპლექტებს ახალ კაბინეტს. სანამ ლევან იზორია დაინიშნებოდა, იმ პერიოდში როცა ვიცოდით, რომ მინისტრის შეცვლა გადაწყვეტილი იყო, სოციალური ქსელის მეშვეობით მოვუწოდე ხელისუფლებას, რომ შეერჩიათ ისეთი კანდიდატი, რომ არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში მინისტრის შეცვლა არ მომხდარიყო ზუსტად იმ მიზეზის გამო, რასაც თქვენ მეკითხებით, – ხშირი ცვლა. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ლევან იზორია ახალ კაბინეტში სხვა ამპლუაში ვიხილოთ. ვფიქრობ, ეს არაა ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი.

-თქვენი, როგორც ბრიგადის გენერლის და სამხედრო საქმეში პროფესიონალის აზრით, რა პირველი აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელი თავდაცვის სფეროში, რა რეფორმები უნდა გატარდეს?

-უნდა გაძლიერდეს გენერალური შტაბი და მისი როლი, რადგან ბოლო 10 წლის მანძილზე, რაც სამოქალაქო მინისტრის ინსტიტუტი შეიქმნა, გენერალური შტაბის როლი დაკნინებულია. ახლახან შეხვედრა გვქონდა თავდაცვის მინისტრთან, რომელმაც განაცხადა, რომ მოხდება ფუნქციების მკაცრად გამიჯვნა. იმედია ეს ასე მოხდება. სამხედრო საკითხებზე უნდა ისაუბროს სამხედრომ და მისი პასუხისმგებლობაც უნდა გაიზარდოს. საუბარი არაა თანამდებობიდან მოხსნაზე ყველა დარღვევის გამო, კადრებს გაფრთხილება უნდა. არამედ, კრწანისის მაგალითს მოვიშველიებ, ჯარისკაცის საგუშაგოზე მოქმედებების გამო მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ უნდა დგებოდეს.

ყოველი მინისტრის ცვლილებისას იწყება რეფორმების ახალი ტალღა. ყოველი რეფორმა შესაძლოა სასარგებლოც იყოს და საზიანოც. ზოგადად, ყველაზე წარმატებული რეფორმაც კი, დროის გარკვეულ მონაკვეთზე, იწვევს ეფექტიანობის კლებას, მანამ, სანამ რეფორმა შედეგების მოტანას დაიწყებს.

ამიტომ, პირველი რასაც უნდა გადავეჩვიოთ, ქრონიკულ რეფორმებს.

ყველაზე მთავარი, რაც ახლა უნდა გაკეთდეს: უნდა ჩამოვაყალიბოთ მოთხოვნები შეიარაღებული ძალების მიმართ, რა თქმა უნდა არსებული საფრთხეებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, და ჩამოვყალიბდეთ როგორი შეიარაღებული ძალები გვჭირდება სამომავლოდ და საბოლოოდ. შემდეგ უნდა გავწეროთ არმიის განვითარების გრძეკვადიანი პროგრამა და მივყვეთ ამ პროგრამის შესრულებას. ვერც მთავრობის და ვერც მინისტრის ცვლილება ამ პროგრამის განხორციელებაზე გავლენას ვერ უნდა ახდენდეს.

ჯარში უამრავი პრობლემა დაგროვდა და თუ ამ გზით წავალთ, აუცილებლად, ნაბი-ნაბიჯ, გეგმაზომიერად, შედეგს მივაღწევთ.

როგორც მოგახსენეთ, მინისტრს ჰქონდა შეხვედრა საზოგადოების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ ღიად, ძირითადად მოვისმინეთ მინისტრის მიდგომები და ხედვები. მალე ახალი შეხვედრა იქნება, სადაც სამინისტრო წარმოადგენს სტრატეგიული მიმოხილვის მორიგ დოკუმენტს და გვექნება მსჯელობა ამ დოკუმენტის ირგვლივ. თუმცა, ხაზს გავუსვამ, რომ თუ პერსპექტიულ მიზანს არ დავსახავთ და მიზნის მისაღწევად დეტალურ გეგმებს არ გავწერთ, წრეზე ვიტრიალებთ, რადგან ამ ე.წ. ესდიარს პერიოდულად ვწერთ და ვკითხულობთ, პრობლემები კი არ იკლებს, მატულობს.

აღარ ვისაუბრებ უკვე ბევრჯერ გაჟღერებულ თემებს: საჰაერო თავდაცვა, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და ა.შ. ეს დეტალებია.

დასასრულებელია გენერალური შტაბის ინსტიტუციონალური ჩამოყალიბება, მისაღებია ახალი კანონები, მათ შორის თავდაცვის შესახებ, გადასახედია უამრავი კანონი. კერძოდ მობილიზაციის შესახებ, ვეტერანთა შესახებ, დასასრულებელია შეიარაღებული ძალების სტრუქტურები. სხვათაშორის სარდლების ინსტიტუტია დაკნინებული და ამ მხრივ საკადრო დეფიციტიც კი არის. სარდლებს გაზრდა ჭირდება. სხვათაშორის მათ პრეზიდენტი უნდა ნიშნავდეს, როგორც გენერალური შტაბის უფროსს, ეს კონსტიტუციითაა გაწერილი.

მოკლედ, ძალიან ბევრი სამუშაოა წინ.

ჩვენ ერთ რამეს უნდა მივეჩვიოთ, პარტნიორებს კი არ უნდა შევყურებდეთ რჩევებისათვის, ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს იმის პოტენციალი, რომ არმია ავაშენოთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათთან თანამშრომლობის ინტენსიობა შევამციროთ. გამგები გაიგებს. საკუთარი ჩინოვნიკების კომპეტენტურობის გაზრდას ვგულისხმობ.

-საქართველოს შეიარაღებული ძალები მიღებას აცხადებს, არის თუ არა საკონტრაქტო სამსახურში ცვლილებები შესატანი და აქაც ხომ არ ხედავთ პრობლემურ საკითხებს?

 ცვლილებები სამსახურის გავლის წესშია შესატანი. გასაწერია საკარიერო პირამიდის და განათლების სისტემის გეგმები, რაზეც ძალიან ხშირად ვწერ და სასიამოვნო იყო, რომ მინისტრმა ეს საკითხები პირდაპირი ტექსტით გააჟღერა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ ოფიცერთა კადრების შენარჩუნებაზე და მათ კარიერულ ზრდაზე, არამედ საკონკტრაქტო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებზეც. სერჟანტებსაც ისევე ესაჭიროებათ სტიმულირება, როგორც ოფიცრებს.

ასევე გადაწყვეტილი არაა საბოლოოდ სავალდებულო სამსახურის საკითხი. ამ საკითხზეც ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ჯარში უნდა გაიზარდოს საბრძოლო მომზადების ხარისხი და ინტენსიობა. თქვენს სააგენტოში 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა ჩემი სტატია, სადაც საბრძოლო მომზადებას ჩვენი არმიის აქილევსის ქუსლს ვუწოდებ. ამიტომ, თუ ამ საკითხს სერიოზულად მოკიდებენ ხელს, მხოლოდ მივესალმები.

მთავარი,ა ჯარისკაცებს ვასწავლოთ ბრძოლა. მნიშვნელობა არ აქვს რა სისტემით იქნებიან გაწვეულნი.

-ალბათ თავდაცვის მინისტრს სხვა მინისტრებისგან რაღაც განსხვავებული კრიტერიუმიც უნდა ჰქონდეს. რა აუცილებელი თვისება უნდა ჰქონდეს მას

მთავარია, წინა მინისტრებისგან განსხვავებით, არ ჰქონდეს ცდუნება ჩაერიოს სამხედრო საკითხებში. უნდა ჩამოყალიბდეს კარგი ტანდემი თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის სახით, როცა გენშტაბის უფროსი იტყვის როგორი ჯარი გვჭირდება ქვეყნის დასაცავად, ხოლო მინისტრი მას დაეხმარება რესურსებით ამ მიზნის მისაღწევად. ორთავე ერთად როგორც ერთი ორგანიზმი ისე უნდა მუშაობდეს. ეს სისტემურადაა ჩამოსაყალიბებელი და არა პიროვნული თვისებების და სიმპათიების შეხამებით.

კომენტარის დატოვება