კახა კალაძე – ხდება იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის სრული განახლება, სადაც გვექნება ძალიან დიდ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი

ხდება იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის სრული განახლება-მოწესრიგება, სადაც გვექნება ძალიან დიდ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საპარკე კულტურას სჭირდება წახალისება და კიდევ უფრო ბევრი და საინტერსო პროექტის განხორციელება.

„როდესაც ვსაუბრობთ გარემოს დაცვის პოლიტიკაზე თანამედროვე, ევროპულ ქალაქში, უმნიშვნელოვანესია საპარკე კულტურის განვითარება. ამ მიმართულებით, დედაქალაქში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა და ხელშესახებ შედეგსაც მივაღწიეთ.

როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ ვხედავ ის რეკრეაციული სივრცეები, სადაც მოხდა განახლება, დღეს სავსეა ადამიანებით. ამ საპარკე კულტურას სჭირდება წახალისება და კიდევ უფრო ბევრი და საინტერსო პროექტის განხორციელება. დღეს, ჩვენ ვიმყოფებით კიკვიძის პარკში, ულამაზეს სივრცეში. წლების წინ, ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო აქ, როგორ იყო მიგდებული და გაუბედურებული არსებული საპარკე ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციის შედეგად არის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე. იგივე მდგომარეობა გვაქვს მზიურის განახლებულ პარკში, რომელიც ყოველდღიურად ადამიანებს ვერ იტევს. ასევე, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში განახლებული პარკი. დავიწყეთ ვაკის პარკის განახლება-რეაბილიტაცია.

ფონდი „ქართუს“ მიერ ხდება იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის სრული განახლება-მოწესრიგება, სადაც გვექნება ძალიან დიდ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი, იქნება ყველანაირი სივრცე და შესაძლებლობა იმის, რომ ყველა თაობის ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ივარჯიშოს, ისეირნოს. ყველანაირი ინფრასტრუქტურა იქნება მოწესრიგებული. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილის ოჯახს იმ საჩუქრისთვის, რომელიც თბილისს გაუკეთა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს პროექტი დასრულდება. ასევე, დაწყებული გვაქვს თემქის ხევის სრული რეაბილიტაცია. ქალაქში შეამჩნევდით კონკრეტულ გზაგამყოფებს, რომლებიც იყო ბეტონის, დღეს კი მწვანე სივრცეებია. მაქსიმალურად ვცდილობთ, სადაც ვნახავთ შესაძლებლობას, გავამწვანოთ“,-განაცხადა კალაძემ.