გიორგი ხოჯევანიშვილი – მხარს არ დავუჭერთ ამნისტიის კანონპროექტის შეუჯერებელ ვერსიას, ვითხოვთ, ამნისტია პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ გავრცელდეს

ვითხოვთ, რომ ამნისტია პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ გავრცელდეს, – ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ცვლილებები არ პასუხობს.

„შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ცვლილებები არ პასუხობს, რომელიც ითვალისწინებდა ყველა პოლიტიკური მხარის მხრიდან შეჯერებულ ვერსიას და მის მხარდაჭერას, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. რამდენიმე დოკუმენტს ვხედავთ, რასაც გვთავაზობენ. მხარს არ დავუჭერთ შეუჯერებელ ვერსიას. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამნისტია პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ გავრცელდეს“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ამასთან, როგორც ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, „აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ბრალდებები, რაც მათი გუნდის მიმართ ისმის ბოლო პერიოდში”.

„ეს პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს გააქტიურებასთან. უსაფუძვლო ბრალდებები ისმის ყველა პოლიტიკური ჯგუფისგან, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ხოჯევანიშვილი პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდებს, უსაფუძვლო ბრალდებების გამოგონებაზე დრო არ დახარჯონ.

„მათ მოვუწოდებდი, საქმეს მიხედონ, ქვეყნისთვის იფიქრონ და დროს ნუ დახარჯავენ უსაფუძვლო ბრალდებების გამოგონებაზე. ამ ბრალდებების ავტორები ჩამოყალიბდნენ, ვინ შეასრულა ფოსტალიონის როლი, ვინ მიიღო წერილი, სად გადასცეს და საზოგადოებას შემდეგ შესთავაზონ ერთი ვერსია. დღეის მდგომარეობით, ყოველდღე ახალ-ახალ ვერსიას გვთავაზობენ, რაც განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა მსგავსი აბსურდული საუბრით სურთ“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.