გიორგი ბოტკოველი – გიორგი გახარია უფრო მაგარი „ქოცია“ თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

გიორგი გახარია უფრო მაგარი „ქოცია“ თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით,  „ქართული ოცნების” თავმჯდომარის გუშინდელი განცხადების, შეიძლება, იყოს ჩვენება პროკურატურაში გახარიას წინააღმდეგ.

„შეიძლება, ამ ადამიანის განცხადებებზე მხოლოდ გაგეცინოს. თურმე, რა ცუდ დღეში ყოფილა „ქართული ოცნება“ და ყოველდღიურად მისი რეიტინგი რომ ვარდება, თურმე, გახარიას ბრალი ყოფილა. იცოდნენ, რომ დანაშაულს ჩადიოდა, მაგრამ იმის გამო, რომ მათ გუნდში იყო, არ ლაპარაკობდნენ და მაინც ქება უწევდათ. სტენოგრამა რომ გავაკეთოთ კობახიძის გუშინდელი განცხადების, შეიძლება, ეს იყოს ჩვენება პროკურატურაში გახარიას წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინოა „ქართული ოცნებისთვის“ და სამწუხაროა ქვეყნისთვის. დანაშაული, რომელშიც ჩაფლულები არიან, უნდათ, გადააბრალონ ერთს. ესენი ერთმანეთში რას გაარკვევენ – გახარია უფრო მაგარი „ქოცია“ თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის ბუა არის მიხეილ სააკაშვილი და როცა გაუჭირდებათ, უცებ, ახსენდებათ ბუა და ამით შეაშინონ მათზე განაწყენებული ამომრჩეველი“, – განაცხადა ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ 20 ივნისს მომიტინგეების დაშლის ოპერაცია გაუგებრად იყო დაგეგმილი.