ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონზე: ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები და უფლებები

ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და უფლებები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქოსთან ერთად გაგრძელდება მუშაობა, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბავშვების საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოების და ყველას მხრიდან შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, სოციალურ მუშაკებს და ფსიქოლოგებს მიეცეთ ბავშვებთან მშვიდად მუშაობის საშუალება.

მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ზრუნვის სააგენტოს, „იუნისეფის“ „ვორლდ ვიჟენის“ და საპატრიარქოს აქტიური ჩართულობით.

ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და ბავშვთა უფლებები. მიმდინარეობს დამატებით კიდევ გაცნობა ყველა იმ საჭიროებაზე, რაც ნინოწმინდაშია.

ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს, რაზეც არაერთი შეხვედრა გაიმართა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.