გია ვოლსკი – ნინოწმინდის პანსიონში რაიმე გადახრა თუ არსებობდა, ამის წინააღმდეგ პირველმა უნდა გაილაშქროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა

ნინოწმინდის პანსიონში რაიმე გადახრა თუ არსებობდა, ამის წინააღმდეგ პირველმა უნდა გაილაშქროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ სკანდალური და ისტერიკული პოზიცია მიუთითებს, რომ ამის მიზანი ეკლესიისთვის ზიანის მიყენებაა.

„თითოეულ პედაგოგს მადლობას ვუხდი, ვინც ოჯახურ სითბოსა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს პატრონობა გაუწია. რაიმე გადახრა თუ არსებობდა, ამის წინააღმდეგ პირველმა უნდა გაილაშქროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა, განსაკუთრებით, ბავშვებზე ძალადობა, თუ ასეთი იყო დაშვებული. ის სკანდალური და ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ახლა მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ ვინმეს სიმართლის დადგენა კი არ უნდა, პირიქით – ეკლესიისთვის ზიანის მიყენება.

ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებულ იყო, არის ყველას საზრუნავი, მაგრამ აქ განსხვავებულობა არ უნდა იყოს, სახალხო დამცველს, სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენელს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეთ – ბავშვის ინტერესები. ხომ არ შეიძლება, ყოველ დღე ამ ბავშვებს დავკიოდეთ, რომ თქვენ იყავით გესტაპოს გაუსაძლის პირობებში, როცა შეიძლება ასეთი რეალობა ერთი-ორი ეპიზოდი იყო?! ეს ბავშვებზე ხომ მოქმედებს?! ფსიქოლოგებს დაელაპარაკეთ, მათ შორის სახალხო დამცველი, საეკლესიო პირები. ამ საქმის გარშემო ისტერიკას ვტეხთ მაშინ, როცა შესაძლებელია ნორმალური, ადამიანური ურთიერთობით რაღაც საკითხის გადაწყვეტა, თუნდაც ბავშვის უფლების დაცვა. ამ გზით უნდა ვიაროთ და არა ისტერიკის, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ მიზანსაც ემსახურება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.