ნაზი ჯანეზაშვილი – იუსტიციის საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლო სისტემაში ათწლეულების მანძილზე ვერ შემოვლენ კვალიფიციური კადრები

იუსტიციის საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს სასამართლო სისტემაში ათწლეულების მანძილზე ვერ შემოვლენ კვალიფიციური კადრები ისე, რომ კლანური მმართველობა დაიშალოს, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს

მისი ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე არაერთი პროცედურული დარღვევა შეინიშნებოდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა კი ნეპოტიზმის არსებობა იყო.

,,მთელი შერჩევა მიმდინარეობდა 8 თვის განმავლობაში და აბსოლუტურ თანხვედრაში იყო პოლიტიკურ პროცესებთან. ეს კარგად მიუთითებს რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველის პარლამენტთან და ,,ოცნების” ხელისუფლებასთან ე.წ. კლანი. იყო პროცედურული დარღვევები, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა არის ნეპოტიზმი. დღეს წარედგინა საქართველოს პარლამენტს ლევან თევზაძე, რომელიც არის იუსტიციის საბჭოს წევრი ირაკლი შენგელიას ნათესავი. მართალია შენგელია არ იღებდა ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ მისი ახლობლები და ნათესავები იყვნენ საბჭოში. მიმდინარეობს თანამდებობის და როლების მუდმივი ცვლა, მთავარია კლანური მოდელი დაჯდეს ისე როგორც მათ ინტერესებშია და თანამდებობები მიიღონ მათმა ნათესავებმა. კარგია, რომ ქეთი მესხიშვილი და ეკა ზარნაძე მოხვდნენ ამ სიაში, მაგრამ თუ მივიღებთ მოდელს, რომლითაც 9 მოსამართლიდან უმრავლესობაში რევაზ ნადარაია-ლევან თევზაძისნაირი მოსამართლეები იქნებიან, არ არის საკმარისი სისტემის გაჯანსაღებისთვის. საბედნიეროდ ამ პროცესს ესწრება ეუთო/ოდირი და მათი შეფასება უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება”, – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს კენჭი უყარეს.