შსს გუმათთან რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც  სოფელ გუმათთან, სადაც “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები პერმანენტულ აქციებს მართავენ, რკინის ჯებირების დემონტაჟი იწყება.

შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს,”- ნათქვამია უწყებისგანცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და შესაბამის რეაგირებას მოახდენს

შეგახსენებთ, 12 ივნისს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, ხელისუფლებასა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. პროტესტის მონაწილეების პირობებია, ხეობიდან ბარიკადების აღება, ხეობიდან გაიყვანონ საპოლიციო ძალები, ასევე, მიეცეთ მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება და ნამახვანში პროტესტის წინანდელ ადგილას დაბრუნდნენ და აქციის მონაწილე დაკავებული ბიჭების სკითხი გადაიხედოს პროკურატურის მხრიდან.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.