პროკურატურამ ანაკლიაში 2009-2010 წლებში უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ათი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

„პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.
დეპარტამენტის მიერ ყველა ხსენებული პირი დაზარალებულად იქნა ცნობილი, შესაბამისად, შემდგომი სამართლებრივი პროცედურების დაწყების მიზნით დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა ათ დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 12 მიწის ნაკვეთი.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ხსენებულ საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.